საქართველოში რომ ავტოპარკი მოძველებულია, ამაზე მონაცემებიც მეტყველებს. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულია 1 759 743 სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც 83% ათ წელზე მეტი ასაკისაა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გამოწვევებს ქმნის მოძველებული ავტომობილები საგზაო უსაფრთხოებისთვის და ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს ეკა ლალიაშვილს ესაუბრა.
როგორც ლალიაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ტექინსპექტირების რეფორმა, მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხო ტრანსპორტი იყოს.
„ქვეყანაში ავტოპარკი მოძველებულია. ქვეყანაში, როდესაც ტრანსპორტი მოძველებულია, კიდევ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, იმისთვის რომ ვთქვათ, რომ ქუჩაში უსაფრთხო ტრანსპორტია. გვაქვს ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების გამართულობას, უსაფრთხოებას და ა.შ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერ-ჯერობით ვერ ვუტოლდებით იმ საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს, რასაც უსაფრთხო ტრანსპორტი ჰქვია,“ - ამბობს რესპონდენტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ავტომობილები ძველისგან განსხვავებით, თანამედროვე სისტემების საშუალებით იცავს მძღოლს და ხელს უწყობს საგზაო შემთხვევების შემცირებას.
„მექანიზმები, რომელიც ახალ ავტომობილს აქვს, იცავს მძღოლს საგზაო შემთხვევებისგან, აქვს თავისი მაფრთხილებელი სისტემა და ფაქტობრივად, მძღოლის ნაცვლად რეაგირებს, რაც საბოლოოდ ამცირებს ავარიების რაოდენობას. მაგრამ როდესაც ძველი, თანამედროვე სისტემების გარეშე ავტომობილი გვაქვს, ეს ზრდის უსაფრთხოების რისკებს.
ამასთან, ძველი და ახალი ავტომობილის მართვის შემთხვევაში სხვადასხვა სიჩქარე უნდა განავითარო, სხვა ქცევა უნდა გქონდეს გზაზე, იმიტომ რომ, ახალი საბურავი სხვანაირად გვიცავს და მოძველებულ საბურავს კი ბევრად მეტი რისკები აქვს“, - ამბობს ეკა ლალიაშვილი.
დასასრულს ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ მოძველებულ ავტომობილს მეტი ემისია აქვს, ვიდრე ახალ ავტომობილს. აღნიშნული კი გავლენას ახდენს როგორც გარემოზე, ასევე მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.