„2024 წლის პირველ 9 თვეში ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 22%-მდეა შემცირებული, თუმცა შემცირებულია რუსეთის წილიც და ის მხოლოდ და მხოლოდ 1%-ს შეადგენს“, - ამის შესახებ კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუარესებული მაჩვენებლების მიმოხილვას მოიცავს.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთიდან ინვესტიციების ამ დონემდე შემცირების მიზეზი მის ეკონომიკაში არსებული პრობლემებია.
ამას მარტივი ახსნა აქვს - რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც შესაბამისად აისახება მის ნებისმიერ მაკროეკონომიკურ პარამეტრზე.
11%-მდეა გაზრდილი ინვესტიციების წილი იაპონიიდან, ხოლო 23%-მდე - გაერთიანებული სამეფოდან.
აღსანიშნავია, რომ შეიძლება გაერთიანებული სამეფოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები ხშირად მოცემული ქვეყნის ბიზნესის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია კი არ იყოს, არამედ უკავშირდებოდეს ე.წ. ოფშორული ზონებიდან საქართველოში რესურსების სხვადასხვა მიზნით გადმოტანას.
აქვე აღსანიშნავია, რომ მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები შეზღუდა და გააჩერა საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა, როგორიცაა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსება. იგივე გააკეთა შვედეთმაც და ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა ყველა დასავლელ პარტნიორ ქვეყანასთან, რაც რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას იქონიებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.