„არ შეიძლება, ბიზნესი რამეში დავადანაშაულოთ - მათი ნაწვალები საქმე შეიძლება კოლაფსურ სიტუაციაში აღმოჩნდეს“

„არ შეიძლება, ბიზნესი რამეში დავადანაშაულოთ,“ - როგორც ბიზნეს სამართლის სპეციალისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ისაუბრა, ხშირად, ბიზნესის უკან ოჯახების შრომა დევს, ამიტომ თუ რომელიმე მათგანმა გაფიცვას არ დაუჭირა მხარი, ამ საკითხს მხოლოდ ერთი მხრიდან არ უნდა შევხედოთ.

„არ შეიძლება, ბიზნესი რამეში დავადანაშაულოთ. ბიზნესი - ეს არის ადამიანების მიერ შექმნილი, ეკონომიკურ ინტერესებზე დაფუძნებული შემოსავლის წყარო, რომელიც სხვასაც ასაზრდოებს: ასაქმებს, ხელფასს უხდის და ა.შ. დღეს, ეს ადამიანები დადგნენ იმ რეალობის წინაშე, რომ ეს ნაწვალები საქმე შეიძლება კოლაფსურ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ამიტომ საზოგადოებამაც სწორად უნდა აღიქვას ბიზნესის ყველა ქცევა: თუ მაგალითად მხარი არ დაუჭირა გაფიცვას და ა.შ. ამ საქმეში ხშირად ოჯახების მიერ დიდი წვალება დევს, ამიტომ ასე მარტივად არ უნდა მივუდგეთ ბევრ საკითხს,“ - განაცხადა ჩარგეიშვილმა.

მან საქართველოს ისტორიაში ევროპის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„აუცილებელია, რომ სწორად გავაანალიზოთ ბევრი რამ: მთელი ის პერიოდი, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მერე მივდივართ იქით, რომ შევქმნათ ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებლობას საფრთხეს არ შეუქმნის და პირიქით, უფრო განამტკიცებს. ევროპა, ნატო და სხვა დემოკრატიული ღირებულებები სწორედ ის ინსტრუმენტებია, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებლობას ამყარებს. მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე, გამოვედით ქუჩაში და ვამბობთ, რომ არ გვინდა რუსეთი, რადგან ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და მის შენარჩუნებას უნდა ძლიერი ინსტრუმენტები, რომელიც ნამდვილად არ არის ჩრდილოეთით,“ - აღნიშნა აკაკი ჩარგეიშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი