PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მე არ მჯერა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ბოლო 17 დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტში არჩარევის/არმონაწილეობის მიზეზი მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ზრდაა, რომელსაც ეს საზოგადოება „ქართული ოცნების“ დამსახურებად თვლის.
შემდეგი არგუმენტები მაქვს:
• საქართველოში შინამეურნეობების (სხვა სიტყვებით, ოჯახების) მესამედზე მეტი (35,4%), თავს ისევ ღარიბად ან ძალიან ღარიბად თვლის;
• შინამეურნეობების (სხვა სიტყვებით, ოჯახების) ჯერ კიდევ 40%-ის მთლიანი შემოსავალი 2023 წლის მდგომარეობით თვეში 1000 ლარი და ნაკლებია; ხოლო ყველაზე ღარიბი 20%-ის მედიანური შემოსავალი 446 ლარს შეადგენს;
• შინამეურნეობის (სხვა სიტყვებით, ოჯახების) რეალური მედიანური შემოსავლების ზრდა ბოლო 5 წელიწადში წლიურად მხოლოდ 4%-ს შეადგენდა, რაც, დაბალი საბაზისო მაჩვენებლის პირობებში, ძალიან დაბალი მაჩვენებელია;
• ოჯახების ყველაზე ღარიბი 20%-ის შემოსავლის 58%-ს სოციალური ტრანსფერები შეადგენს; ანუ, მათი შემოსავლის თითქმის 2/3 დიდწილად დამოკიდებულია სახელმწიფოსგან მიღებულ სახსრებზე;
• ხელფასის მიმღები მოსახლეობიდან (დაახლოებით 960 ათასი ადამიანი) 42%-ის ხელფასი არის 1200 ლარი და ნაკლები;
• ფორმალურად დასაქმებული 1,4 მილიონი ადამიანიდან, მხოლოდ 960 ათასი ადამიანი იღებს ხელფასს; თუნდაც ინდივიდუალური მეწარმეების გამოკლების შემდეგ, მინ. 350 ათასი ფორმალურად დასაქმებული თვითდასაქმებული, არ იღებს ხელფასს, რაც თავის მხრივ, სხვა თანაბარი პირობებში, უმუშევრობის მაჩვენებელს, მინიმუმ აორმაგებს საქართველოში.
შეჯამების სახით, ადგილი გვაქვს შემდეგ სიტუაციასთან:
• საქართველოში საზოგადოება დიდწილად ისევ ღარიბი რჩება და „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღარიბიდან ამოყვანას;
• მოსახლეობის რეალური შემოსავლები, თუ საერთოდ იზრდება, ეს ძალიან ნელი ტემპით ხდება;
• მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი ძალიან არის სახელმწიფოზე დამოკიდებული და ამავდროულად, სიღარიბის ზღვართან ახლოს დგას. შესაბამისად, იმ მინიმალური სოციალური სიკეთეების დაკარგვის საფრთხის ქვეშ მყოფი, ის თავს არიდებს ყველანაირ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.
• ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოების ამ მოწყვლადი ნაწილისთვის ყველა ტიპის გაფიცვაში მონაწილეობა შიმშილის ტოლფასი გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს;
• საბოლოო ჯამში, საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა არის ილუზორული მოვლენა და ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც მთლიანად ტყუილებზეა აგებული; უბრალოდ, ახლა, ის ჩაკარგულია გეოპოლიტიკური ნარატივის უკან.
შესაბამისად, ამ პროტესტებში საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის აქტიურად არჩარევის/არმონაწილეობის მთავარი მიზეზი მგონია არის ორი:
• პროტესტის დროს, მოსახლეობის ამ ნაწილის ინტერესების/შიშების/წუხილების/პრობლემების და მათი გადაჭრის გზების ნაკლებად წამოწევა წინ (ცალკეული, როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციების / ჯგუფების გამოკლებით, რომლებიც ცდილობენ ამ თემებზეც აქცენტის გადატანას)
• მედია-ტერორი, რომელიც ამ ჯგუფებზე ხორციელდება პროპაგანდისტული არხებისა და სოციალური მედიის გამოყენებით.
თუ გვინდა რომ ეს პროტესტი გახდეს საყოველთაო, საჭიროა, რომ საზოგადოების ეს მოწყვლადი ფენა დაფიქრდეს და გაათვიცნობიეროს, თუ როგორ შეჰყავს „ქართულ ოცნებას“ საქართველო გაჭირვებისა და უპერსპეტიულობის ჩიხში.
ხოლო იმისთვის, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი დაფიქრდეს ამაზე, საჭიროა მასთან საუბარი. პირისპირ საუბარი. საუბარი ქუჩაში, მეტროში, ბაზრობებზე. ბოლოს (თუ საერთოდ), როდის გინახავთ მეტროში ან მეტროს ამოსასვლელებში პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები რომ ესაუბრება მოსახლეობას? თითქმის ყოველდღე მეტროთი ვმოძრაობ და არ მახსენდება ასეთი შემთხვევა.
მოკლედ, საზოგადოების ამ ნაწილთან არის საუბრის დაწყება საჭირო. შესაბამისად, ჩემი რჩევა ოპოზიციას. უმნიშვნელოვანესი სიკეთე, რაც შეიძლება ახლა ქართულმა ოპოზიციამ გააკეთოს, თავისი დროის უდიდესი ნაწილი და რესურსი ამ საუბარს დაუთმოს (საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ოცნების არაღიარების მცდელობის პარალელურად). ხოლო რუსთაველი, სხვა საპროტესტო ლოკაციები და ტელევიზია, სადაც ოპოზიციური აზრის გამოთქმა ჯერ კიდევ შეიძლება, დაუთმოს აქტიურ საზოგადოებას და მის წარმომადგენელ პროფესიულ ჯგუფებს, რომელიც აქამდე ძალიან კარგად ართმევს თავს თავისი სამოქალაქო მოვალეობების შესრულებას.
თუ ეს არ გაკეთდა, არის მაღალი რისკი, რომ ყველა ის ეკონომიკური გამოწვევა, რაც თავს დაატყდება ზოგადად, საქართველოს მოსახლეობას და ყველაზე მეტად, მის ყველაზე მოწყვლად ნაწილს, ქართული ოცნების მედია-პროპაგანდის საშუალებით, ისევ ოპოზიციას და მოსახლეობის აქტიურ ნაწილს გადაბრალდება“, - წერს გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში.