ლიეტუვამ კიდევ 17 პირი, მათ შორის ირაკლი კობახიძე, დაასანქცირა - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.

„ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“, -აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და თანამდებობის პირებს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის სანქციები მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს დაუწესეს.

მოგვიანებით, 7 დეკემბერს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონმა განაცხადა, რომ „საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნებოდა“.

დღევანდელი, 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ესტონეთმა კიდევ 14 პირის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რამდენიმე საათში მოჰყვა ლიეტუვას საგარეო უწყების მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ სანქციები დამატებით 17 პირს დაუწესეს.