„უახლოეს მომავალში მოვლენებს შედეგი ექნება შიდა ბაზარზე“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა.
ეკონომისტები საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესი, უარყოფითი შედეგი ექნება ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, ლარის კურსსა და სხვა მიმართულებებზე. ამას ემატება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობაც.
როგორც ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, დიპლომატიური ურთიერთობების გაფუჭება აისახება ვაჭრობაზეც, ეს კი მაშინ, როცა საქართველოში ავტომობილების უდიდესი ნაწილი იმპორტზე ამერიკიდან შემოდის და მათი რეექსპორტი ხორციელდება.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდა, შესაძლოა, შემცირდეს შიდა ბაზარზე მსყიდველობითუნარიანობა, ავტოიმპორტი კი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
„უახლოეს მომავალში მოვლენებს შედეგი ექნება შიდა ბაზარზე. როდესაც ინვესტიციები შემცირდება და ფინანსური პროგრამები ნაკლები იქნება, ეს იმოქმედებს ადგილობრივ ეკონომიკასა და ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაზე. შედეგი ექნება ნებისმიერ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ავტომობილებზე. მიმდინარე მოვლენები და მისი გავლენები ლარის კურსზე იმოქმედებს ავტოსფეროზე და მსყიდველუნარიანობის შემცირების ფონზე გაყიდული ავტომობილების რაოდენობაც შემცირდება.
გრძელვადიან პერიოდში, თუ ასე გაგრძელდა და გაუარესდა მდგომარეობა, საერთაშორისო ვაჭრობაზეც შეიძლება აისახოს. მოგეხსენებათ, რომ ავტომობილების 80% ამერიკიდან შემოგვყავს და არ გამოვრიცხავ, რომ ამაზეც უარყოფითი გავლენა იქონიოს. თუ იმპორტიორები ავტომობილებს ვერ შემოვიყვანთ, შესაძლოა, შიდა ბაზარზე იყოს ფასნამატი, თუმცა, წინასწარ რთულია განვსაზღვროთ, ზუსტად რასთან გვექნება საქმე.
მაგრამ ყველანაირ შემთხვევაში დიპლომატიური ურთიერთობების გაფუჭება ვიცით, რომ საერთაშორისო ვაჭრობაზე აისახება უარყოფითად. შედეგად მივიღებთ ან გაძვირებულ ავტომობილებს ან შესაძლოა, ავტომობილების მოწოდება შეწყდეს - ვერ გეტყვით სადამდე მივა მდგომარეობა, მაგრამ დადებით ტენდენციებს არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.