„ეს არის მცდელობა, რომ გაცილებით მეტი ფული ბრუნავდეს ლარებში და ნაკლები დოლარში“

„ეს არის მცდელობა, რომ გაცილებით მეტი ფული ბრუნავდეს ლარებში და ნაკლები დოლარში“,- ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ.

მანამდე, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხებზე ზღვარი 400 000 ლარი იყო. სებ-ის გადაწყვეტილებით, ცვლილება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით როგორც გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, ეროვნულ ბანკს სურს, რომ მონეტარულ პოლიტიკაზე მეტი გავლენა ჰქონდეს და ლარზე მოთხოვნა გაზარდოს.

თუმცა მისი თქმით, ლარიზაციის პროგრამა დიდად ეფექტურად ვერ მუშაობს.

„ამ გადაწყვეტილების მოტივი არის ისევ და ისევ არის ის, რომ გაურთულონ მსესხებლებს დოლარში და ევროში სესხების გატანა. ესეც ლარიზაციის პროგრამის კომპონენტია. ეს არის მცდელობა, რომ გაცილებით მეტი ფული ბრუნავდეს ლარებში და ნაკლები დოლარში, იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს მონეტარულ პოლიტიკაზე. მიზანი არის ის, რომ ეკონომიკა მთლიანად ლარიზირებული იყოს.

მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაინცდამაინც კარგად არ მუშაობს, ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ შესამჩნევი ცვლილება, მაგალითად, კომერციული ბანკების კომპონენტში, სესხების კუთხით დიდად არ არის. პროცენტულად მცირედით გაიზარდა ლარში სესხების პორტფელი, მაგრამ მაინც ნახევარ-ნახევარზეა დოლარსა და ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად, ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია. მათ [ეროვნულ ბანკს] უბრალოდ უნდათ საკუთარი ბერკეტების გაძლიერება“,- ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა მსგავსი გადაწყვეტილება მიმდინარე წელს ერთხელ უკვე მიიღო. კერძოდ, 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვერ იღებენ უცხოურ ვალუტაში.

ნინი ქეთელაური