არგენტინის თვიური ინფლაცია ნოემბერში 2,4%-მდე შენელდა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი დონეა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს შეფასებით, სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში ლიბერტარიანელი პრეზიდენტი, ხავიერ მილეი მკაცრ ეკონომიურ პოლიტიკას ატარებს, რის შედეგადაც ყოველთვიური ამჟამინდელი მაჩვენებელი პროგნოზირებულ 2,8%-იან და ერთი თვის წინ დაფიქსირებულ 2,7%-იან დონეებზე გაცილებით დაბალია.
არგენტინაში წლიური 12-თვიანი ინფლაცია 193%-დან 166%-მდე შემცირდა.
ფასების ყოველთვიური ზრდით პირველ ადგილზე განათლების სფერო, შემდეგ კი იჯარა და და კომუნალურ მომსახურება, ასევე, თამბაქო და ალკოჰოლია. ფასები ყველაზე ნელა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე იზრდება.
ეკონომიკის მინისტრი, ლუის კაპუტო აცხადებს, რომ თვიური ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალია, რის შედეგადაც არგენტინა პესოს ყოველთვიური კონტროლირებადი დევალვაციის 2%-დან 1%-მდე შენელებას მიუახლოვდა.
Reuters-ის შეფასებით, არგენტინა დიდი ეკონომიკური კრიზისიდან გამოდის, თუმცა კვლავ ებრძვის დაბალ სავალუტო რეზერვებს, კაპიტალის კონტროლსა და 50%-იან სიღარიბეს. ქვეყანაში ინფლაცია დაეცა, რადგან ხავიერ მილეიმ სახელმწიფო ხარჯი ღრმა დეფიციტის დასაძლევად შეამცირა.
ამდენად, სააგენტოს ცნობით, ინვესტორები აღარ დებენ ფსონს იმაზე, რომ არგენტინა დეფოლტისკენ მიდის, რადგან პრეზიდენტ მილეი სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ეკონომიკის გადასაფორმატებლად თავისი გეგმებით ობლიგაციების ბაზრებს იპყრობს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ