ლიეტუვაში უკვე დავუწესეთ სანქციები 30-მდე ადამიანს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ასევე შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმედი გვაქვს, შევთანხმდებით ნაბიჯებზე, რომელიც საჭიროა იმ ფონზე, რასაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ. როცა ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ, ვხედავთ ძალადობას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ეს არის, ის რასაც ვერ უგულებელვყოფთ. ლიეტუვაში უკვე დავუწესეთ სანქციები 30-მდე ადამიანს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები
ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ასევე შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე საკითხი არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ, ასევე უნდა გავაგზავნოთ ძლიერი მესიჯი, რომ შესაძლოა მომავალში ეს აკრძალვა გავაფართოოთ. მესამე საკითხი არის საქართველოსთან ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან ყველა ინსტიტუციური მოლაპარაკებების შეჩერება და ასევე ამ ინსტიტუტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი მესიჯი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ და ჩვენ გვჭირდება ფინანსური პაკეტი ამისთვის, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად ვსაუბრობთ. ასე რომ, სწორედ ახლა უნდა გავუგზავნოთ მესიჯი ქუჩებში გამოსულ ქართველ ხალხს, რომ ევროპა არ გტოვებთ თქვენ, ევროპა თქვენთანაა და ევროპას თქვენ სჭირდებით“, - აღნიშნა კიასტუსის ბუდრისმა.
კითხვაზე, გააგრძელებენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და განაცხადებენ თუ არა, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი არის უკანონო, ლიეტუვის საგარეო მინისტრმა უპასუხა:
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, ასევე არასამთავრობოების პოზიციას, რომ არჩევნების ხელახალი ჩატარება არის სწორი გზა სიტუაციის მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.