საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
აღნიშნულის თანახმად, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან BOENG 737-800-ით უკვე შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოჰყვა, ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა. ცნობილია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს ორგანიზებით, დახვედრა გაიმართა.
ავიაკომპანია ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით იფრენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Air China-სთან აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია.
აეროპორტების გაერთიანება Air China-სთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყოს.
AIR CHINA მეორე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც China Southern Airlines-ის შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს. 69 წლის წინ დაარსებული AIR CHINA ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ის Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.