ვის ეკუთვნის ქართული კომპანია, რომელიც „კონიაკის“ წარმოებას სპეციალურად რუსეთის ბაზრისთვის იწყებს

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქართული კომპანია სპეციალურად რუსეთის ბაზრისთვის „კონიაკის“ წარმოებას იწყებს.

რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, კონიაკ Daliani-ს ქართული Bolero & Сompany დაამზადებს.

სასმელი ბრენდის მფლობელ Stellar Group-ის დაკვეთით დამზადდება, რომელიც რუსეთში არაყ Veda-ს და ბრენდ Old Barrel-ით არის ცნობილი.

Stellar Group-მა “კომერსანტს” დაუდასტურა, რომ კონიაკის ბრენდი კომპანიას ეკუთვნის, თუმცა ლიცენზიით ქართველი მწარმოებლის სიმძლავრეებზე ჩამოისხმება.

“როსპატენტის” მონაცემებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომის დასაწყისიდან ალკოჰოლის მწარმოებელ Stellar Group-მა კონიაკ Daliani-ის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის რამდენიმე განაცხადი წარადგინა. საბოლოოდ, კომპანიამ მიიღო დეკლარაცია საქართველოდან კონიაკ Daliani-ის მიწოდების შესაბამისობის შესახებ, რომელსაც ადგილობრივი საწარმო, Bolero & Сompany Ltd აწარმოებს.

“კომერსანტი” წერს, რომ ამ სეგმენტში რუსეთის ბაზარზე სასტიკი კონკურენციაა და მწარმოებლები იძულებული არიან, ახალი სასმელების წარდგენით მომხმარებლების ყურადღება შეინარჩუნონ. მაგალითად, Stellar Group-ის კონკურენტმა კომპანია Tatspirtprom-მა, თავის მხრივ, ლიცენზიით, ასევე, ქართული კონიაკის, Magic Tbilisi-ის ჩამოსხმა დაიწყო.

ცნობისთვის: Bolero & Сompany Ltd საწარმოები ერთად საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებენ. კომპანია რუსეთში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და მიწოდების მოცულობას წლიდან წლამდე ზრდის.

კომპანიების ჯგუფის მფლობელი ვახტანგი კარიჭაშვილია, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და, მინიმუმ, 14 ქართული კომპანიის დამფუძნებელი, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია.

2023 წლის ნოემბერში უკრაინამ ვახტანგ კარიჭაშვილი დაასანქცირა. ოფიციალური კიევი კარიჭაშვილსა და მის კომპანიას სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან კავშირში ამხელს. კერძოდ, სასანქციო დოკუმენტის მიხედვით, კარიჭაშვილის უშუალო კონტროლქვეშ მყოფი ქართული კომპანიების ფინანსური ანგარიშგება მიუთითებს, რომ კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს პროდუქციის რუსულ ბაზარზე გაყიდვა წარმოადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ