54 ფიზიკური პირი, 30 ორგანიზაცია - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-15 პაკეტი დღეს საბოლოოდ დაამტკიცა.

ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.

ახალი პაკეტი 54 ფიზიკურ პირსა და 30 ორგანიზაციას ასანქცირებს. მათ შორის არის:

  • სამხედრო ნაწილი, რომელიც კიევის ოხმატდეტის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმაზე არის პასუხისმგებელი
  • ენერგეტიკის სექტორის მენეჯერები
  • ბავშვების დეპორტაციასა და პროპაგანდაში ჩართული პირები
  • რუსული თავდაცვითი და საზღვაო გადამზიდავი კომპანიები
  • ჩინური კომპანიები, რომლებიც რუსეთს დრონების კომპონენტებით ამარაგებენ
  • აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიები სანქციების პაკეტში პირველად მოხვდნენ.

ამასთან, ევროპის პორტებში შესვლა 52 გემს აეკრძალა. ეს არის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები და სატრანსპორტო გემები, რომლებსაც რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკა ან უკრაინაში მოპარული მარცვლეული გადააქვთ.

საექსპორტო შეზღუდვები დაუწესდა 32 კომპანიას ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, სერბეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რომლებიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების საქონელს აწვდიან.

რუსული სახელმწიფოს მხრიდან უკანონო დევნისგან დასაცავად ევროპული კომპანიებისთვის ცალკე ღონისძიებები ინერგება. კერძოდ, ევროკავშირმა რუსეთის სასამართლოების იმ გადაწყვეტილებების აღიარება-აღსრულება აკრძალა, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ სასამართლო პროცესების დაწყებას ან გაგრძელებას ხელს უშლიან. ასეთმა გადაწყვეტილებამ ევროპული კომპანიებისთვის შესაძლოა, არასამართლიანად მაღალი ფინანსური ჯარიმები გამოიწვიოს, ამიტომ ევროკავშირმა ევროპის ტერიტორიაზე მათი აღსრულება აკრძალა.

ამასთან, ევროკავშირმა რუსეთის ბაზრიდან ევროპული კომპანიების გასვლის დრო გაზარდა, რომ ეს ბიზნესისთვის მოწესრიგებულად და უსაფრთხოდ მოხდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ