„მთავრობა ჩვენს ხარჯზე პარაზიტირებს“ - ბიზნესზე წნეხი თუ საბიუჯეტო დანაკლისის შევსების მცდელობა

„მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები აჩვენებს, რომ გვაქვს დემოკრატიის სრული ეროზია და დემოკრატიული ინსტიტუტების სრული განადგურება. სახელმწიფოებრიობის სერიოზული საფრთხეების წინაშე ვდგავართ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა მიმდინარე პროცესებსა და „ქართული ოცნების“ მიერ ბიზნესისთვის გაზრდილ გადასახადებზე კომენტირებისას ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგადასახადო კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სიგარეტზე აქციზი 20 თეთრით, ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით იზრდება.

გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის თანაბრდება. უფრო კონკრეტულად, საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება, ხოლო იურიდიული პირებისთვის დივიდენდის 5%-იანი გადასახადი უქმდება და ნაცვლად 15%+5%-ისა მათ შემოსავლის 20%-ის გადახდა მოუწევთ.

ამასთანავე, იზრდება გადასახადები სამშენებლო მიმართულებითაც. კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებებით, 2025 წლის 1-ლი თებერვლიდან თუ სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან.

კიდევ ერთი ავტომობილის ექსპორტისა და რეექსპორტის გადასახადის 150 ლარის ოდენობით გაძვირებაა. ავტორები ცვლილებებით წლიურად ბიუჯეტის 15 მილიონი ლარით ზრდას მოელის.

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო უარს ამბობს ევროკავშირის ქვეყნების საბიუჯეტო დახმარებაზე. იქამდე რამდენიმე ქვეყანამ მთავრობასთან პირდაპირი ფინანსური დახმარება შეაჩერა. ამ ფონზე დაგეგმილი გადასახადების ზრდამ, გააჩინა მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების შევსებას ცდილობს.

„არსებული მდგომარეობა გვაჩვენებს, რომ საჯარო ფინანსების (ბიუჯეტი) მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან აღარ უნდა ველოდოთ მომავალში. საიდან უნდა ნახოს, ისეთმა მავნებლურმა მთავრობამ როგორიც გვყავს, საბიუჯეტო თანხები? ისევ უნდა ამოიღოს იმ საშუალებები, რომელიც გააჩნია (გადასახადების ზრდა ბიზნესისთვის).

მთავრობა შესაძლოა, აქვს ასეთი შეხედულება, რომ ბიზნესს თუ გადასახადს უზრდის, „მერე რა, ბიზნესია და აიტანს“, რაც არასწორია, რადგან ბიზნესი იმ ფულს მომხმარებლისგან იღებს. მომხმარებლის გარეშე არ არსებობს არც ბიზნესი და არც სახელმწიფო, მითუმეტეს, ბიუჯეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხარჯზე პარაზიტირებს და სახელმწიფოებრიობას ანგრევს მთავრობა, თან საბიუჯეტო დანაკლისსაც ჩვენ გვახდევინებს და იმასაც, რასაც საიდუმლოდ, გრიფით ხარჯავს დარბევებზე“, - აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შესაბამისად, პირველი სხდომიდან მოყოლებული არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი კანონი სადავოა. ამ ფონზე ბიზნესებს რჩებათ ბერკეტი, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.

„თუკი ბიზნესი საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღებს ამ კანონებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩირგვებში ვეღარ დაიმალება. მმართველი პოლიტიკური ძალაც ვერ იწონებს თავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნები ლეგიტიმურად ცნო, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა არჩევნების საკითხი. თუკი ბიზნესი ან გადასახადის გადამხდელი, თუნდაც, საგადასახადო კოდექსის ცვლილებებზე გაასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში და ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს არალეგიტიმურობას, მერწმუნეთ, საკონსტიტუციოს კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში მოუწევს არჩევნების საკითხზე მსჯელობაც ლეგიტიმურობის თვალსაზრისით“, - დასძინა ალაფიშვილმა.

იურისტის განმარტებით, მიუხედავად პარლამენტის არალეგიტიმურობისა, ბიზნესის მხრიდან გაზრდილი გადასახადების გადაუხდელობა დასჯადია, თუმცა შესაძლებელია, რომ გადამხდელმა თუნდაც 1 ლარით ნაკლები გადაიხადოს თვის ჭრილში და მთავრობას გადამხდელის ძალა აჩვენოს.

„მთავრობას ფორმალური თვალსაზრისით რჩება ის მოცემულობა, რომ გადასახადის გადაუხდელობა კანონით დასჯადია. თუმცა არსებობს დემოკრატიული გზით კანონიერების ფარგლებში პროტესტის სხვადასხვა გზა და საშუალება: ერთ-ერთი შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა; მეორე, რაღაც პერიოდის განმავლობაში გადასახადების დაკლება, რათა მთავრობას აჩვენოს გადასახადის გადამხდელმა, რომ მაგალითად, ერთ თვეში 1 ლარი რომ მოაკლდება, რამდენს დაკარგავს. ეს აპრობირებულია და სხვა ქვეყნებშიც გამოუყენებიათ. ეს აგრძნობინებს მთავრობას, რა შეუძლია გადასახადის გადამხდელს“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

მერი ტაბატაძე