ოთო აბესაძე: აზიურ ქვეყნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვჭირდებით, თუ ვართ გამტარი ევროპასა და ამერიკაში

„ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩინეთს, ინდოეთს და აზიურ ქვეყნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვჭირდებით, თუ ვართ კომფორტული გამტარი ევროპასა და ამერიკაში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთო აბესაძე წერს.

როგორც მანვე განმარტა, აღნიშნულ ქვეყნებისთვის საქართველო საინტერესოა მაშინ, როცა ბმა აქვს დასავლეთთან, რადგან რუსეთთან და მსგავს ქვეყნებთან საქართველოს გარეშეც აქვთ სავაჭრო ურთიერთობები.

„აბრეშუმის გზის” იდეა მაშინაა გამართლებული, თუ საქართველოს ექნება ღრმაწყლოვანი პორტი და ექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ამერიკასთან. სხვა შემთხვევაში საქართველოსთვის ჰაბის ძახილი არის წყლის ნაყვა.

რა სარგებელს მოვუტანთ BRICS-ს? რა შუაში ვართ მანდ? უჩვენოდ რა, ვერ ვაჭრობენ ერთმანეთში? სასაცილოა ეს ყველაფერი.

კარგად უნდა გაიაზროს ყველამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება წინსვლა, თუ აზიურ ტვირთს ჰაბის პრინციპით გავატარებთ ევროპასა და ამერიკაში.

სხვა შემთხვევაში რად გვინდა აზია? რა გვაქვს იმდენი, რომ გავყიდოთ ჩინეთში და სარგებელი მივიღოთ? რამდენი ღვინო ან რამდენი წყალი? ან რა უნდა ვიყიდოთ მათგან შიდა მოხმარებისთვის ისეთი რაც არ გვაქვს?

რეექსპორტისთვის ვჭირდებით აზიას და სად? რუსეთში? ჩვენს გარეშე უფრო ახლოს და მჭიდროდ ვაჭრობენ.

ყველაფერი ტყუილია, ყველანაირი ეკონომიკური დაპირება ტყუილია. აზიურ სამყაროს მხოლოდ ჰაბად, გამტარად ვჭირდებით - ჰაბად ევროპასთან და ამერიკასთან!

ისეთივე ჰაბად, როგორც ამერიკული ავტომობილები მხოლოდ საქართველოდან გადის აზიასა და რუსეთში.

ახლა სად ვართ? იზოლირებული ამერიკისგან და ევროპისგან! საერთოდ ამოვვარდით მსოფლიო ეკონომიკური წყობიდან“, - წერს ოთო აბესაძე.

მერი ტაბატაძე