აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგს მთლიანად კრძალავს.
ინფორმაციას TASS ავრცელებს.
ასევე, დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომელიც მაინინგისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი 2018 წლიდან ნაწილობრივ იკრძალებოდა და აქამდე ის მხოლოდ კერძო ელექტროსადგურებში გამომუშავებული ენერგიის გამოყენებით იყო დაშვებული. ასევე, 2020 წლიდან კრიპტომაინინგის აღჭურვილობის იმპორტზე დროებითი აკრძალვა მოქმედებდა, რადგან ამ ტიპის საქმიანობა ელექტროქსელს მნიშვნელოვნად ტვირთვას და ენერგიის დეფიციტს იწვევს.
მაინინგის აკრძალვა ყოველწლიურად გრძელდებოდა, ხოლო სასჯელი ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებასა და ამოღებული მოწყობილობის კონფისკაციას ითვალისწინებდა, რომელიც შესანახად აფხაზეთის დე ფაქტო “სახსტანდარტს” გადაეცემოდა.
ამჯერად „კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვის შესახებ“ ე.წ. პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ასეთ საქმიანობას აფხაზეთის ტერიტორიაზე მთლიანად კრძალავს. მასში წერია, რომ „კრიპტოვალუტის მაინინგი, მიმოქცევა, გამოყენება, რეკლამა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მაინინგ-აღჭურვილობის, მათი კომპონენტებისა და ელემენტების იმპორტი სრულად იკრძალება.” მაინინგი როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებსა და ინდმეწარმეებს ეკრძალებათ.
რაც შეეხება ცვლილებებს ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსში, კანონპროექტის მიხედვით, დე ფაქტო საბაჟო საზღვრით აფხაზეთში მაინინგ-მოწყობილობების შეტანა, ელექტროქსელთან მათი დაერთება და მაინინგისთვის ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით, ანუ 30 კვტ/სთ-ზე მეტი ენერგიის მოხმარება თავისუფლების ერთიდან სამ წლამდე ვადით აღკვეთითა და აღჭურვილობის კონფისკაციით ისჯება.
ამასთან, ხუთ ერთეულამდე მაინინგ-მოწყობილობის ამოღება 50 ათასი რუბლით (485 დოლარით) დაჯარიმებასა და მათ კონფისკაციას ითვალისწინებს, ხოლო ხუთზე მეტი ერთეულის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე, მოხდება მათი კონფისკაცია, ხოლო ჯარიმა თითოეული მოწყობილობისთვის 20 ათას რუბლს (194 დოლარს) შეადგენს.
ცნობისთვის: ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება, 2016 წელთან შედარებით, 1 მლრდ კვტ/სთ-ით გაიზარდა, რაც, უწყების შეფასებით, კრიპტოვალუტის მაინინგთან არაეფექტური ბრძოლის შედეგია. კერძოდ, კრიპტომაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია დღეში, დაახლოებით, 40,5 მეგავატს შეადგენს, რაც, დაახლოებით, 1 მლნ კვტ/სთ-ის, ანუ 5 მლნ რუბლის (48,3 ათასი დოლარის) ეკვივალენტია. ეს არსებული დეფიციტის 60%-ია. ზოგადად, აფხაზეთში დენის უკანონო მოხმარებაში კრიპტოვალუტის მაინინგის წილი 97-98%-ია. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს აფხაზეთში 1,097 ერთეული მაინინგ-მოწყობილობა იქნა ამოღებული.
ამჟამად აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია. დღისით აფხაზეთის მოსახლეობას დენი ორჯერ, მხოლოდ 1 სთ-ისა და 24 წუთის განმავლობაში, ხოლო ღამით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიეწოდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ