გერმანიისა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ჩქაროსნული ICE-მატარებელი ამოქმედდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა, rbb24 ავრცელებს.
პირველი რეისი ბერლინის ცენტრალური სადგურიდან 16 დეკემბერს, შუადღისას გავიდა და პარიზში რვა საათში ჩავიდა, ხოლო პარიზის გარ დე-ლე’ესტის სადგურიდან მატარებელი იმავე 16 დეკემბრის დილის 10:00 საათზე გავიდა, რომელიც ბერლინის რკინიგზის სადგურში 18:00 საათზე შევიდა.
რეისის ორგანიზატორი გერმანიისა და საფრანგეთის სარკინიგზო კომპანიები, Deutsche Bahn და SNCF Voyageurs-ია, ხოლო მისი ჩაშვება ჯერ კიდევ სექტემბერში, InnoTrans 2024-ის გამოფენაზე დაანონსდა.
გამოცემის შეფასებით, ეს 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ ორ ევროპულ დედაქალაქს შორის პირველი პირდაპირი სარკინიგზო კავშირია, რომლითაც ბერლინიდან პარიზში ჩასვლა ტრანსფერის გარეშე არის შესაძლებელი.
რეისი Deutsche Bahn-ის ICE-მატარებლებით სრულდება. ეს გერმანული ჩქაროსნული მატარებლები ფრანგულ ლიანდაგებზე საათში 320 კილომეტრს, ხოლო გერმანულზე, მინიმუმ, 260 კილომეტრ/საათ სიჩქარეს ავითარებს. ამ დროისთვის ყოველდღიურად ერთი მატარებელი იმოძრავებს.
მატარებელი 444-ადგილიანია, რომლიდანაც 111 პირველი კლასის ადგილია. მეორე კლასის ბილეთი წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში 59,99 ევროდან არის ხელმისაწვდომი, ხოლო პირველი კლასის ბილეთები 69,99 ევრო ღირს.
ბერლინსა და პარიზს შორის უწყვეტი სარკინიგზო მიმოსვლა 100 წელზე მეტი ხნის წინ მოქმედებდა. კერძოდ, მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანიისა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის მდიდრული მატარებელი, Nord Express ყოველდღიურად მოძრაობდა, რომელიც, ასევე, საფრანგეთს რუსეთთან სხვადასხვა მარშრუტით აკავშირებდა.
ცნობისთვის: გასული წლის ბოლოს ავსტრიის რკინიგზამ პარიზსა და ბერლინს შორის ღამის მატარებლები განაახლა, რომლითაც მგზავრობას 14 საათი სჭირდება. თუმცა სამშენებლო სამუშაოების გამო მატარებლები ამჟამად არ მოძრაობს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ