„შემომყვან ტურიზმში კატასტროფული მდგომარეობაა - ჯავშნები, ფაქტობრივად, აღარ არის“ - მაია სიდამონიძე

„შემომყვან ტურიზმში არის კატასტროფული მდგომარეობა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ტურიზმის ალიანსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაია სიდამონიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე სასტუმროებს, ფაქტობრივად, აღარ აქვთ ჯავშნები. განსაკუთრებით დიდი დარტყმა კი შემომყვანმა ტურისტულმა სააგენტოებმა განიცადეს.

„შემომყვან ტურიზმში არის კატასტროფული მდგომარეობა, ამაზე იწერება ტურიზმის ყველა ჯგუფში, განსაკუთრებით დიდი დარტყმა არის შემომყვან ტურისტულ სააგენტოებზე, ასევე, სასტუმროებზე, მათ შორის მცირე და საშუალო სასტუმროებზე რეგიონებში და ასევე, Airbnb-ს ბინებზე, სადაც განთავსების კუთხით დიდი წარმომადგენლობაა. კატასტროფული მდგომარეობაა, ფაქტობრივად, ჯავშნები აღარ არის“, - აცხადებს მაია სიდამონიძე.

მანვე ისაუბრა გამყვან ტურიზმზეც და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯერჯერობით ჯავშნები ნაკლებად უქმდება, თუმცა თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა უვიზო მიმოსვლა, ნეგატიური ეფექტი გამყვან ტურიზმსაც შეეხება.

„გამყვანი ტურიზმი, ასე თუ ისე, როგორც ვიცი, არ არის დარტყმის ქვეშ ახლა და გამყვანი ტურები ნაკლებად უქმდება, მაგრამ უვიზო მიმოსვლის გადახედვის საფრთხის წინაშე რადგან ვდგავართ, მინდა გამყვანებმაც იცოდნენ, რომ უვიზოს შეჩერების შემთხვევაში აუცილებლად აისახება შედეგები მათზეც და ძალიან ბევრი ბიუჯეტური ავიაკომპანია ბაზრიდან გავლენ“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 20 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

მერი ტაბატაძე