„ტურიზმის სექტორში დასაქმებული 300 ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშეა“ - მაია სიდამონიძე

„მოსალოდნელია სერიოზული ეკონომიკური კოლაფსი, ინფლაცია, კურსის არასტაბილურობა - ამას აუცილებლად განაპირობებს გარე იზოლაცია და შიდა პოლიტიკური კრიზისი“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ტურიზმის ალიანსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაია სიდამონიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა აქვს იმ არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში არის ამჟამად.

„მიმდინარე მოვლენები არის ტრაგიკული ქვეყნისთვის იმიტომ, რომ დღეს არამარტო ევროატლანტიკურ კურსს გადავუხვიეთ, არამედ უკვე პუტინის რეჟიმი მყარდება ქვეყანაში და ჩვენი თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, არჩევანის დაკარგვაზეა საუბარი. ეს მოვლენები ძალიან ცუდია აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიისთვის, იმიტომ, რომ მოსალოდნელია სერიოზული ეკონომიკური კოლაფსი, ინფლაცია, კურსის არასტაბილურობა, რასაც აუცილებლად განაპირობებს გარე იზოლაცია და შიდა პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისის განტვირთვაზე პასუხისმგებელია ის არალეგიტიმური ე.წ მთავრობა, რომელიც გვყავს“, - აღნიშნავს სიდამონიძე.

ქვეყნის შემოსავლებში ტურიზმის სექტორს საკმაოდ დიდი წილი უკავია, მაგალითად, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე სექტორი, რომელიც მსხვილი კონტრიბუტორია ბიუჯეტში, „კატასტროფული გამოწვევის“ წინაშე დგას.

სიდამონიძე ჩვენთან საუბარისას აღნიშნავს, რომ შიდა ტურიზმის კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა. მისი თქმით, ჯავშნები, ფაქტობრივად, აღარ კეთდება. მანვე აღნიშნა, რომ ტურიზმის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულია 300 ათასი ადამიანი და ისინი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან.

„კოვიდის“ შემდეგ ვერ რეაბილიტირებული ტურიზმი, მუდმივ შოკური დარტყმების ქვეშ არის დიდი ხანია და მითუმეტეს, ახლა ძალიან მძიმე პერიოდია. მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი ძირითადად საერთაშორისო ტურისტებზე დგას, ამჟამად ქვეყნის უსაფრთხოება და რეპუტაცია საკმაოდ შელახულია და ვემსგავსებით დიქტატორულ რეჟიმს, სადაც ტურისტები არ დადიან. ამ ფონზე დიდი დარტყმის ქვეშ არის ჩვენი ინდუსტრია, სადაც 300 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 300 ათასი ადამიანი არის სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე, რადგან გრძელვადიან პერიოდში ძალიან ბევრი მცირე თუ საშუალო ბიზნესი ამას ვერ გაუძლებს“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 20 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

მერი ტაბატაძე