„ბაზარი გაურკვევლობაშია, თუ არაფერი შეიცვლება, ექსპორტისთვის ეს საშინელება იქნება“ - ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი

ახლა ბაზარი გაურკვევლობაშია. თუ არაფერი შეიცვლება ევროპელ პარტნიორებთან მიმართებით, ექსპორტისთვის ეს საშინელება იქნება“, - ამის შესახებ ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი მწარმოებლები საკუთარი რესურსებით ცდილობენ ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტის პოპულარიზაცია-რეალიზაციას. მიუხედავად ფინანსების ნაკლებობისა, ევროპის ქვეყნებში ქართულ ჩაიზე მოთხოვნა იზრდება.

„მწარმოებლებს ევროკავშირის ქვეყნებში საკუთარი რესურსით მიაქვთ ჩაი, რათა გააცნონ, მოაწონონ, გაყიდონ. ზოგი მათგანი თვითღირებულებითაც ყიდის ხოლმე, რათა ბაზარი შეინარჩუნოს. მთავრობის მხრიდან დახმარება არ აქვთ. ნებისმიერ საერთაშორისო გამოფენასა თუ ღონისძიებაში მონაწილეობას ფინანსები სჭირდება, რომელიც მათ არ გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ჩაი ნელ-ნელა პოპულარული ხდება. მოთხოვნა არის მაღალი ხარისხის მწვანე და შავ ჩაიზე. ვინც ერთხელ მაინც დალევს ქართულ ჩაის, ყველას მოსწონს და შემდეგ აფორმებენ კერძო ხელშეკრულებებს და მცირე ოდენობებით ხდება ექსპორტი. ზრდა არის წინა წელთა შედარებით, თუმცა არა მკვეთრი“, - აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა.

როგორც მან განმარტა, მიმდინარე პერიოდში ბაზარზე გაურკვევლობაა და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გარეშე, ექსპორტი წარმოუდგენელი იქნება. სხვა ბაზრებზე კი ქართულ ჩაის ექსპორტის პოტენციალი თითქმის არ აქვს.

„პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ახლა ბაზარი გაურკვევლობაშია. თუ არაფერი შეიცვლება პარტნიორებთან მიმართებით, ექსპორტისთვის ეს იქნება საშინელება. სხვა რა ბაზრებზე შეგვიძლია საუბარი? რუსეთი არც გვაქვს მხედველობაში და არც გვინდა. აზიური ბაზარი გაჯერებულია ჩინური და ინდური პროდუქციით. ერთადერთი არის მონღოლეთი, სადაც ძალიან მოსწონთ ქართული შავი, გრეხილი ჩაი და იქ ვყიდით მას. აფრიკის ქვეყნებში გაზრდილია წარმოება კენიისა და სხვა ქვეყნების ხარჯზე. ამიტომ აქაც არ გვაქვს პერსპექტივა. გვრჩება მხოლოდ ევროპა. შესაბამისად, თუ პოლიტიკური პროცესები სასიკეთოდ არ წარიმართება, დღითიდღე უარესი მდგომარეობა შეიქმნება.

თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი საბოლოოდ კარგად იქნება. ამხელა პროტესტს წესით და რიგით შედეგი უნდა ჰქონდეს და ხელისუფლება წავიდეს დათმობებზე. ასეთი სიტუაცია დიდხანს ვერ შენარჩუნდება. ჩვენი და სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამას აჩვენებს, რომ როდესაც ასეთი კრიზისია, მთავრობა ხახლის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს და მგონი, ასეც იქნება, სხვა გზას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.

ნათია ზარიძე