რუსული ტანკერების ჩაძირვით შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ტანკერის ავარიის შედეგად ზარალმა შესაძლოა 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს. ამის შესახებ უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ სვეტლანა გრინჩუკმა განაცხადა.

მისი მონაცემებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებული ზარალი 14 მლრდ დოლარს მიაღწევს. თუმცა შეფასება წინასწარია და კატასტროფის შესახებ მონაცემების დაზუსტების შემდეგ შეიცვლება.

უწყება ამინდის პირობების გაუმჯობესებას ელოდება, რომ მაღალი ხარისხის სატელიტური სურათები მიიღოს, რომლებიც სიტუაციის ანალიზისთვის და უფრო დეტალური მოდელირებისთვის აუცილებელია.

„რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ქერჩის სრუტეში მომხდარ ფართომასშტაბიან ეკოლოგიურ კატასტროფებზე,“ - ხაზგასმით აცხადებს გრინჩუკი.

მინისტრი მთავარ საფრთხედ სანაპირო ეკოსისტემების დაბინძურებასა და ჩაღვრილი ნავთობის ყირიმის სანაპიროს სხვა რაიონებში მოხვედრის რისკს ასახელებს.

ქერჩის სრუტეში შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 15 დეკემბერს ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.

ფედერაციის მთავრობა ზუსტ მაჩვენებელს არ ასახელებს, თუმცა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საზღვაო ჰიდროფიზიკურ ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ თითოეული ხომალდის დაზიანებული ავზებიდან ზღვაში, დაახლოებით, 1,5 ათასი ტონა მაზუთი გაჟონავდა.

აღსანიშნავია, რომ ეს Volgoneft-ის კლასის ტანკერებისთვის პირველი კატასტროფა არ არის. 2007 წელს ანალოგიური გემი იმავე ქერჩის სრუტეში ჩაიძირა და ზღვაში 1,600 ტონა მაზუთი ჩაიღვარა, რამაც ათეულობით კილომეტრის სანაპირო ზოლის დაბინძურება გამოიწვია და ერთი წლის შემდეგაც კი წყალში ნავთობპროდუქტების კონცენტრაცია ნორმას ათჯერ აღემატებოდა.

თუმცა, Greenpeace-ის შეფასებით, ახალი ავარია ბევრად უფრო სერიოზულია.

ჩაძირული ტანკერები 40 წელზე მეტი ხნისაა და მათი მაქსიმალური მომსახურების ვადა 10-15 წლით არის გადაჭარბებული. მეტიც, Volgoneft 239-ს არც კი გააჩნდა ექსპლუატაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია. ისინი მდინარის ტანკერებად იყვნენ დაპროექტებული, რომლებსაც სანაპირო ზღვის ზონებში შეზღუდული წვდომა მხოლოდ წყნარი ამინდის პირობებში ჰქონდათ და მათი კონსტრუქცია შტორმის დროს ზღვაში ყოფნას არ ითვალისწინებს. ავარიის ძირითად ვერსიად ეკიპაჟის შეცდომა და შტორმის პირობებში გემის კორპუსების გადაჭარბებული დატვირთვა სახელდება.

ცნობისთვის: 17 დეკემბრის ღამის საათებში Volgoneft-ის კლასის კიდევ ერთი ტანკერი, Volgoneft-109, რომელიც, ასევე, ქერჩის სრუტის წყლებში მდებარეობს, კატასტროფის სიგნალს აგზავნიდა. Baza-ს ცნობით, გემზე 4,000 ტონა მაზუთია. Volgoneft-109 კავკაზის პორტის რაიონში, დანარჩენი ორი ტანკერის ჩაძირვის ადგილთან ახლოს მდებარეობს. კაპიტანი მეოთხე სატვირთო ავზის ჰერმეტულობის დარღვევისა და მაზუთის გაჟონვის შესახებ იტყობინებოდა, რომელიც, მისი თქმით, ბალასტის ავზში ჩაედინება. Baza-ს ინფორმაციით, გემის კორპუსის მთლიანობა დარღვეული არ არის და ნავთობპროდუქტები წყალში არ ჟონავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ