„გაზპრომის“ აქციები სამშაბათის ვაჭრობაზე 2009 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა და ერთ აქციაზე 106,1 რუბლი (1 დოლარი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი, ორშაბათს დახურულ ვაჭრობასთან შედარებით, 2.4%-ით ნაკლებია.
ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
წლის დასაწყისიდან “გაზპრომის” აქციები 33,5%-ით დაეცა. კომპანიის ფასიანი ქაღალდები 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დონემდე შემცირდა, ხოლო კიდევ 20%-ით გაუფასურების შემთხვევაში აბსოლუტურ ისტორიულ მინიმუმს მიაღწევს.
აქციების ვარდნა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, რუსული გაზის ტრანზიტი მთლიანად შეწყვიტოს და ფასებზე ამის მნიშვნელოვან გავლენას არ მოელის. სამშაბათს ევროკომისიამ Bloomberg-ს დაუდასტურა, რომ ევროკავშირი მზად არის, სატრანზიტო შეთანხმება შეწყვიტოს, რადგან ბლოკს მიწოდების ალტერნატიული წყაროები აქვს.
ექსპორტის შემცირებამ კომპანიის შემოსავალი გაანადგურა. “გაზპრომმა,” 2021 წელთან შედარებით, ევროპული ექსპორტის 80%-ზე მეტი დაკარგა. მიწოდება 28 მლრდ კუბურ მეტრამდე დაეცა, რაც 1970-იანი წლების მეორე ნახევრის დონეა. 2023 წელს “გაზპრომმა,” მისი შექმნის დღიდან, ანუ 1990 წლის შემდეგ რეკორდულად იზარალა, რამაც 629 მლრდ რუბლი (6,1 მლრდ დოლარი) შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ მინიმალური მოცულობის, მხოლოდ 404 მლრდ კუბური მეტრი გაზი მოიპოვა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ