აფხაზეთში რუსი ტურისტისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ტუროპერატორის მიმართ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რეკომენდაციით, ტუროპერატორებმა აფხაზეთში ტურების გაყიდვისას ტურისტები შესაძლო რისკების შესახებ უნდა გააფრთხილონ და მათ კლიენტებთან ინციდენტის შემთხვევაში შესაძლო პასუხისმგებლობისთვის მზად იყვნენ.

ამის შესახებ რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრეზიდენტ ილია უმანსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

ის აფხაზეთში რუსი ტურისტისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ტუროპერატორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც არ გამორიცხავს.

უმანსკი ადასტურებს, რომ აფხაზეთში არეულობის გამო რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ტუროპერატორებსა და ტურიზმის სექტორის სხვა მონაწილეებს რეკომენდაციით მიმართა, აღნიშნულ მიმართულებაზე ტურისტული პროდუქტების გაყიდვა შეაჩერონ.

”იმის მიუხედავად, რომ პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს, საკითხს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ, ტურების სხვა თარიღზე იფიქროთ და დაჯავშნები გადადოთ,” - მოუწოდებს ტუროპერატორებს უმანსკი.

16 დეკემბერს სექტორის კიდევ ერთმა ორგანიზაციამ, კერძოდ, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუს ტუროპერატორებს აფხაზეთში ორგანიზებული ტურების გაყიდვა აუკრძალა. ტურების გაყიდვის აკრძალვა, მინიმუმ, წლის ბოლომდე გაგრძელდება და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების, ასევე, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ შესაძლოა, მოიხსნას. გადაწყვეტილების მიზეზი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთთან გაფორმებული “საინვესტიციო ხელშეკრულების” რატიფიცირების ჩაგდებაა.

ასოციაციის განმარტებით, “აფხაზეთის შემოსავლის მთავარი წყაროს, რუსი ტურისტების ნაკადის შეწყვეტა აფხაზური ბიზნესისთვის სადამსჯელო-საგანმანათლებლო ზომაა, ვიდრე აფხაზები იმ ნორმების დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან, რამაც მათი პრეზიდენტის გადადგომა გამოიწვია.”

ორგანიზაციის შეფასებით, აფხაზეთი კრასნოდარის ტერიტორიიდან ტურისტული ნაკადის გადანაწილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მარშრუტის ჩაკეტვამ კრასნოდარის მხარეში შესაძლოა, ფასების ზრდა და განსახლების ადგილების დეფიციტი გამოიწვიოს.

ცნობისთვის: “როსსტატის” ბოლო მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ტურისტული მოგზაურობების რაოდენობამ 1 მილიონი, ხოლო მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში 4.6 მილიონი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ