„ანაკლიის პორტი პარალელურად ძალიან ბევრ პროექტებს დაძრავს, მათ შორის, რკინიგზას, ინგლისური სამართლის შემოტანას, ლოჯისტიკური ცენტრის განვითარებას და ა.შ.“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა, პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა.
თუმცა, როგორც ცაგარეიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, თუ ქვეყანა ჩრდილოეთის გზაზე სვლას გააგრძელებს, ანაკლიის პორტში არანაირი პროექტების განვითარებას არ ექნება აზრი.
„ანაკლიის პორტი პარალელურად ძალიან ბევრ პროექტებს დაძრავს. სასწორზე რომ დავდოთ, ერთ მხარეს იქნება ანაკლიის პორტი და მეორე მხარეს ის ძალიან ბევრი პროექტი, რაც ამას მოჰყვება, ეს იქნება რკინიგზის განვითარება, ანაკლიის პერიმეტრზე სანაოსნო კომპანიის შექმნა, სადაც მეზღვაურები მოემზადებიან, ინგლისური სამართლის შემოტანა, ლოჯისტიკური ცენტრის განვითარება და ა.შ. მაგალითად, ფოთის პორტში 9 ტერმინალი არსებობს, რომელიც ფოთის გარეთ შორ მანძილზე მდებარეობს და გადამზიდავები ტვირთის გადატანაზე წვალობენ - ანაკლიას ეს არ სჭირდება მისი მდებარეობიდან გამომდინარე.
ანაკლიის პორტი ძალიან ბევრ მულტიპლიკატორულ პროექტებს დაძრავს ყველა მიმართულებით, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა მდგომარეობა და ჩვენ ავიღეთ კურსი მეორე მხარეს [რუსეთის], აქ არანაირი ინგლისური სამართალი არ შემოვა და არც რკინიგზისა და სანაოსნო კომპანიების განვითარებას არ ექნება აზრი“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.
ცნობისათვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მსხვილი ევროპული კომპანია Jan De Nul N.V. შეირჩა, რომელმაც წინადადება წარმოადგინა კონსორციუმის სახით. Jan De Nul N.V. ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.
13 დეკემბერს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთანავე, ადგილზე ხორციელდება გეოლოგიურ-გეოტექნიკური კვლევები, ტალღმტეხელისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შეტანა, უკვე მოწყო ე.წ. „X-block”-ის წარმოების პოლიგონი და ა.შ. ცნობისთვის, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტი პირველ გემს 2028 წელს მიიღებს.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 20 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.