საქართველომ და აზერბაიჯანმა რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
ამის შესახებ Inter RAO-ს გამგეობის წევრმა, ალექსანდრა პანინამ განახლებადი ენერგიის განვითარების კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, სახელწოდებით, “განახლებადი ენერგია რუსეთში.”
თუმცა, პანინა შენიშნავს, რომ საქართველო რუსულ მხარეს ელექტროენერგიის მიწოდებას წინასწარ მაინც ვერ ჰპირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას სიტუაციის მიხედვით მიიღებს.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, პანინას თქმით, ექსპორტი უკვე განხორციელდა და ქვეყანა მზად არის, რუსეთისთვის 250-300 მეგავატ ელექტროენერგიის ავარიული მიწოდება განახორციელოს.
ცნობისთვის: ოქტომბერში Inter RAO-მ საქართველოსა და აზერბაიჯანს ავარიული სიტუაციების დროს, მთლიანობაში, 600 მეგავატ ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა. კერძოდ, რუსეთში მომხდარი ავარიის შემთხვევაში საქართველოს და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები მზად უნდა იყვნენ, Inter RAO-ს სათითაოდ 300 მგვტ. ელექტროენერგია მიაწოდონ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ