აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურჰესის მეშვეობით ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების უსასყიდლოდ გაზრდაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მოცულობის უსასყიდლოდ გაზრდის სანაცვლოდ აფხაზური მხარე ზამთარში მიწოდებული ელექტროენერგიის ზაფხულში იმავე მოცულობით ანაზღაურების პირობას დებს.
„ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებლების შესახებ… მე ვესაუბრე ენგურჰესის ხელმძღვანელ ლევან მებონიას და ვთხოვე, წასულიყო და ელექტროენერგიის ქართველ მიმწოდებლებთან ესაუბრა, რომ ენგურჰესის გავლით აფხაზეთისთვის მიწოდება ზაფხულში იმავე მოცულობით ანაზღაურების პირობით გაგვიზარდონ,” - აცხადებს ბგანბა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია. დღისით აფხაზეთის მოსახლეობას დენი ორჯერ, მხოლოდ 1 სთ-ისა და 20 წუთის განმავლობაში, ხოლო ღამით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიეწოდება.
ცნობისათვის, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროები ენგურის და ვარდნილის ჰესები, ასევე რუსეთიდან იმპორტია. 1997 წელს ზეპირი შეთანხმების შედეგად, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიაქვს, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კრიზისის გამო, ამ ნიშნულს ხშირად აჭარბებს.
საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აფხაზეთმა ჯამში 2.103 მლრდ კვტ.საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 2023 წლის 12 თვის განმავლობაში კი 2.702 მლრდ კვტ-საათი.