სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაიშალა - შსს გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერი, 300 ათას ლარად ლანჩის ნაკრებების შესყიდვაზე, ჩაიშალა.

ლანჩის ნაკრებების ტენდერი სამართალდამცავებისთვის 28 ნოემბერს გამოცხადდა. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 11 დეკემბერს ამოიწურა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია, შესაბამისად ტენდერი არ შედგა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ლანჩის ნაკრები ორი კომპლექტისგან შედგებოდა. ერთის ღირებულებს 8.85 ლარს შეადგენდა, მეორის - 11.95 ლარს.

აღნიშნულის ჩაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩის ნაკრებების შეძენას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით ითხოვს. დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია არაუმეტეს 24 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე.

დოკუმენტაციაში წერია, რომ გამარტივებული შესყიდვა განპირობებულია თბილისში 2024 წლის დეკემბრის თვეში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ლანჩის ნაკრებით უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტაციის მიხედვით, 24 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრების მიწოდებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი წინადადებებით შესყიდვის ობიექტის ჯამური ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 240 150 ლარით.