„გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“ -  "ენგურჰესის" პასუხი აფხაზების თხოვნაზე

„ენგურჰესის“ წარმომადგენლობა ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის მოთხოვნას „ბიზნესპრესნიუსთან“ პასუხობს.

„ენგურჰესის“ პასუხში ნათქვამია, რომ ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხზე კომუნიკაცია მუდმივად არსებობს და ჰიდროელექტროსადგური გადაწყვეტილებებს მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით იღებს.

„როგორც იცით, ენგურის ჰიდროელექტროსადგური ისეა მოწყობილი, რომ მისი ნაწილი მდებარეობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნაწილი კი - სამეგრელოში. შესაბამისად, ენგურჰესის წარმომადგენლებს აქვთ მუდმივი კომუნიკაცია აფხაზურ მხარესთან, მათ შორის, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით.

ამ მხრივ ვალერი ბგანბას განცხადება რაიმე სიახლე არ არის და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს მუდმივი სამუშაო პროცესია, სადაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“, - აღნიშნავენ „ენგურჰესში“.

ინფორმაციისთვის, აფხაზები თბილისს ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდების გაზრდას სთხოვენ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურჰესის მეშვეობით ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების უსასყიდლოდ გაზრდაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ნინი ქეთელაური