კაკაოს მარცვლის ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ტონაზე 12 ათას დოლარს გადააჭარბა.
ინფორმაციას Market Watch ავრცელებს.
დღეის მდგომარეობით, ფიუჩერსებმა ნიუ-იორკის ვაჭრობაზე ტონაზე 12,670 დოლარი შეადგინა, რაც წინა სესიის დახურვის ფასს 7%-ით აღემატება.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ფიუჩერსების ფასმა 21,7%-ით მოიმატა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან კაკაოს მარცვლის ღირებულება, თითქმის, სამჯერ გაიზარდა. ეს განპირობებულია გვალვის შედეგად მოსალოდნელი დაბალი მოსავლით განასა და კოტ-დ'ივუარში, რომლებიც კაკაოს მარცვლის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები არიან.
არსებული პროგნოზით, დასავლეთ აფრიკაში მშრალი ამინდი მომდევნო თვეებში კაკაოს მოსავალზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, დეკემბრიდან მარტამდე დამატებით საფრთხეს საჰარის ქარი ქმნის.
ჯერ უცნობია, შეივსება თუ არა კაკაოს მარაგი, რომელიც გასულ სასოფლო-სამეურნეო წელს მიწოდების რეკორდულად მაღალი დეფიციტის გამო მკვეთრად შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ