შსს სპეცრაზმისა და პოლიციისთვის 277 196 ლარის ლანჩბოქსების შეძენას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციების დროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებისა და პოლიციელების კვებისთვის გამარტივებული შესყიდვებით ლანჩბოქსების შეძენას ითხოვს.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, სამინისტრომ მომსახურების შეძენა 3 გამარტივებული შესყიდვით მოითხოვა. ჯამში საუბარია 34 940 კომპლექტის შეძენაზე, რომელთა ღირებულებაც სულ 277 196 ლარს შეადგენს.

შსს ერთ-ერთი შესყიდვით 24 000 ლანჩბოქსის შეძენას 175 550 ლარად აპირებს. მეორე შესყიდვით სამინისტრო 51 750 ლარად 5 000 ლანჩის ნაკრების შეძენას ითხოვს.

აღნიშნული ლანჩბოქსი უნდა მოიცავდეს ერთ ცალ სენდვიჩს (პური - არანაკლებ 100გრ. ყველი - არანაკლებ 50გრ. ლორი - არანაკლებ 70გრ.), ერთ ცალ შოკოლადის (50-55გრ.) და 1 ცალ კოკა-კოლას (0,5ლ).

აღსანიშნავია ისიც, რომ 28 ნოემბერს შსს-ს გამოცხადებული ჰქონდა ელექტრონული ტენდერი, დაგეგმილი იყო 300 ათას ლარად ლანჩის ნაკრებების შესყიდვა, თუმცა ტენდერი ჩაიშალა იმ მიზეზით, რომ არც ერთმა კომპანიამ არ გამოხატა მომსახურების მიწოდების სურვილი.

რაც შეეხება მესამე გამარტივებულ შესყიდვას, გამოცხადებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ. ამ შემთხვევაში მოთხოვნილია 5 940 ლანჩის ნაკრების 49 896 ლარად შეძენა. მითითებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დეპარტამენტმა ოქტომბერსა და ნოემბერში ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ლანჩბოქსების შეძენისთვის და ორივე უარყოფითი შედეგით დასრულდა.

მერი ტაბატაძე