„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის 5 მლნ ლარს გამოყოფენ

„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის 5 მილიონ ლარს გამოყოფენ. ამის შესახებ აღნიშნულია ბანკების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 22 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

მერი ტაბატაძე