რა იცვლება სესხის აღებისას - რეგულაცია 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

სესხის აღებისას, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ცვლილებები ამოქმედდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ:

„სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 500 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი“.

თუმცა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება, თუ:

ა) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 500 000 ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;

გ) სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში;

დ) სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული სესხის/საბანკო კრედიტის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტაში არსებული შემოსავლით;

ე) ხორციელდება სესხის/საბანკო კრედიტის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/საბანკო კრედიტზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან/საბანკო კრედიტთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად“.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა მსგავსი გადაწყვეტილება მიმდინარე წელს ერთხელ უკვე მიიღო. კერძოდ, 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვერ იღებენ უცხოურ ვალუტაში.

ნინი ქეთელაური