„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზაზე, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, გააძლიერებს ეკონომიკას და უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს“, - ასე ეხმაურებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პროდუქტების და საკვების მიტანის ბაზრის ორი გლობალური ლიდერი „გლოვო“ და „ვოლტი“.
„ბიზნესპრესნიუსი“ ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2018 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ, Glovo და Wolt ამაყები არიან იმით, რომ მხარს უჭერენ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ციფრულ ტრანსფორმაციას. ადგილობრივ ბიზნესებთან, მათ შორის სტარტაპებსა და მეწარმეებთან პარტნიორობით, ათასობით კურიერის გაძლიერებით და ასობით ათასი მომხმარებლის მომსახურებით, ჩვენ წვლილი შევიტანეთ საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორის სწრაფ გაფართოებაში და შევიმუშავეთ ეკოსისტემა, რომელმაც ხელი შეუწყო ისეთი ახალი ტიპის ბიზნესის ჩამოყალიბებას, რომლებიც იქამდე ბაზარზე არ იყო ხელმისაწვდომი.
როგორც ევროპული კომპანიები, ვაღიარებთ საქართველოს ისტორიულ არჩევანს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, რაც ქვეყანას ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერ მომავალს სთავაზობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს.
ჩვენი ფიქრები მიმართულია მშვიდობიანი დემონსტრანტებისკენ, რომლებიც ამ რთულ პერიოდში დაზარალდნენ. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზაზე, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, გააძლიერებს ეკონომიკას და უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია „გლოვოსა“ და „ვოლტის“ ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 22 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.