თვის დასაწყისში მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, 24 დეკემბრიდან ლარი შედარებით დასტაბილურდა. სებ-ის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლით კურსით, ეროვნული ვალუტის მაქსიმალური ნიშნული 4 დეკემბერს დაფიქსირდა, რა დროსაც 1 დოლარის ღირებულება 2.8746 ლარს შეადგენდა. ლარის მცირედი გამყარება 14 დეკემბრიდან იწყება, გუშინდელი ოფიციალური მონაცემებით კი, 1 დოლარი 2.8023 ლარი ღირს.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე თვის განმავლობაში დოლარის ღირებულება ასე გამოიყურებოდა:
მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ლარის გამყარებას ეროვნული ბანკის დამსახურებად მიიჩნევს და ამბობს, რომ შესაბამისი ინტერვენციები სწორედ სებ-მა განახორციელა. თუმცა, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს ამის რესურსი რომ ჰქონოდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 1 დოლარის ღირებულება 1.65 ლარიდან, 2.80 ლარზე არ ავიდოდა“.
როგორც გიგა ბედინეიშვილი ამბობს, ლარის გაუფასურება და შედარებით დასტაბილურება საზოგადოების მოლოდინებს უკავშირდება. კერძოდ, ფინანსისტი აცხადებს, რომ თვის დასაწყისში მომავლის მიმართ გაურკვევლობის განწყობები, პოზიტიურმა მოლოდინებმა შეცვალა, რაც ეროვნული ვალუტაზეც აისახა.
„ბუნებრივია, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს ხარჯავს, მაგრამ ეს მხოლოდ სებ-ის ამბავიც არ უნდა იყოს. ფუნდამენტურად, ლარის გაუფასურების ტენდენციის განმაპირობებელი იყო შიში, რომ საქართველო როგორც ქვეყანა ფაქტობრივად, ჩამოშორდა დასავლურ ტრაექტორიას, და მეორე მხრივ იმედიც არსებობს, რომ ეს ვერ მოხერხდეს და სულაც არ არის საჭირო ჩავთვალოთ, რომ როგორც ივანიშვილს უნდა, ისე წავა საქმე. ამიტომ, ეს ორი რამ, ერთის მხრივ შიში, მეორე მხრივ იმედი იწვევს ამ მერყეობას. ამიტომ, მარტო რეზერვების ხარჯვის ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება, არ არის სწორი. მოლოდინებიც თამაშობს თავის როლს.
ერთის მხრივ, ეს იყო პანიკა, რომელიც უკავშირდებოდა იმას, რომ „ქართული ოცნება“ გამოვიდა და გააჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ახლა შეიძლება იმედი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლოს და ბოლოს დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, რომელიც იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ყველაზე უფრო სწორი გზა.
ამიტომ, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ეროვნული ბანკის დამსახურებაა. ეროვნული ბანკი ასეთი ყოვლისშემძლე რომ იყოს, ლარის მართვის თვალსაზრისით, მაშინ „ქართული ოცნების“ ხელში 1.65 ლარიდან 2.80 ლარზე არ ვიქნებოდით ახლა. შესაბამისად, ზოგადი მოლოდინები, საით წავა პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“,- ამბობს გიგა ბედინეიშვილი.