ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, რატი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის მყისიერი ეფექტი სოფლის მეურნეობაზე უკვე გამოიკვეთა.
მისი თქმით, საახალწლო პერიოდში, როგორც წესი, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა ჯერჯერობით გაყიდვების ბუმი ბაზარზე არ შეინიშნება.
„იმ კრიზისის მყისიერი ეფექტი, რაც ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, უკვე გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის პროდუქტზე. გაიმართა „ჰორეკა“ სექტორის გამოსვლა, სფეროს წარმომადგენლები უკვე საუბრობენ გამოწვევებზე და იმაზე, რომ მოთხოვნა შემცირებულია. იქიდან გამომდინარე, რომ „ჰორეკა“ სექტორი დაკავშირებულია კვებასთან, ყველას სჭირდება ამ სექტორში სოფლის მეურნეობის პროდუქტი. როდესაც მოთხოვნა შემცირებულია „ჰორეკა“ სექტორში, ეს ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირებულია და თუ კრიზისი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდა, კიდევ უფრო შემცირდება.
საახალწლო პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვებისთვისაც. ჯერჯერობით კრიზისის ფონზე არ იგრძნობა ის ბუმი, რაც ზოგადად საახალწლოდ არის ხოლმე. ეს არის მყისიერი შედეგი, რაც დადგა და დადგება კიდევ უფრო. ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებით, შეჩერებული იქნება ექსპერტული და ფინანსური დახმარებები, ევროკავშირის ბაზრის მეტად ათვისების შესაძლებლობა, საწარმოების გადაიარაღება, კომპეტენციის გაზრდა, კოლეჯებთან აქტიური მუშაობა კვალიფიციური კადრის მომზადებისთვის. ამის შეჩერება გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად გამოიწვევს დარგისთვის სავალალო შედეგებს“, - აღნიშნავს კოჭლამაზაშვილი.
მანვე ისაუბრა საქართველოს სავაჭრო დამოკიდებულებაზე რუსეთის ბაზარზე და ხაზი გაუსვა არსებულ რისკებს. კოჭლამაზაშვილის თქმით, არსებულ პირობებში ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერება სოფლის მეურნეობისთვის სავალალო შედეგის მომტანი იქნება.
„დამოკიდებული ვართ რუსეთის ბაზარზე, რომელიც ხარისხს ყურადღებას არ აქცევს. პლუს პრობლემები აქვს რუსეთის ეკონომიკა, არის ძალიან მაღალი ინფლაცია, ამიტომ ხვალ-ზეგ შეიძლება დადგეს იგივე, თუნდაც, ექსპორტზე გატანილი პროდუქციისთვის გადახდის პრობლემა, ფასების შემცირება და ა.შ. აღარაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ შესაძლოა, ერთ დღესაც რუსეთმა დააწესოს ემბარგო. ამ პირობებში კიდევ უფრო მოწყვლადია სოფლის მეურნეობა და მისი პერსპექტივა ევროინტეგრაციის შეჩერებით სავალალო მდგომარეობაში იქნებ ამომავალ პერიოდებში“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 20 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.