„სოფლის მეურნეობისთვის სავალალო შედეგებს გამოიწვევს“ - ფერმერთა ასოციაცია ევროპასთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე

„გრძელვადიან პერიოდში ევროინტეგრაციისთვის მოლაპარაკების 2028 წლის ბოლომდე შეჩერება აუცილებლად გამოიწვევს სოფლის მეურნეობისთვის სავალალო შედეგებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ამასთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე.

კოჭლამაზაშვილის თქმით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით საქართველოს სოფლის მეურნეობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, პროცესების შეჩერებამ კი დარგში როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური დახმარებების შეჩერება გამოიწვია.

„ევროკავშირის დღის წესრიგი ასოცირების შეთანხმების შემდეგ დადგა ქვეყანაში როგორც ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ბევრი რეფორმის განხორციელების კუთხით. ერთ-ერთი ასეთი არის სოფლის მეურნეობა, სადაც მნიშვნელოვანია იმ სტანდარტებთან დაახლოება, რომელიც ევროკავშირში მოქმედებს. რეფორმების დანერგვის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

სტანდარტების დაახლოება უზრუნველყოფდა, რომ ვაწარმოოთ უფრო უვნებელი სურსათი, რომელიც გაიყიდება ქვეყნის შიგნით და შესაძლოა, გავიდეს ექსპორტზეც. აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ რასაც ვაწარმოებთ ეროვნული სტანდარტით მაინც და მაინც ევროკავშირში უნდა გავიდეს, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილებისა და ოჯახების ჯანმრთელობისთვის. მეორე მხრივ, კი არის შესაძლებლობა, ქართული პროდუქცია გავიდეს ევროპულ ბაზარზე.

არამხოლოდ სურსათის უვნებლობის, ევროკავშირი საქართველოს სხვა მიმართულებითაც ეხმარებოდა. ამაზე მოდიოდა მთელი რიგით დახმარებები, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანდა ფინანსურ ნაწილში, როდესაც თუნდაც იგივე მცირე და საშუალო ბიზნესზე ასეულობით მილიონი იყო გამოყოფილი ყოველ წელს. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საუბარია დაახლოებით 700 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებაზე. დახმარება მიმართული იყო იყო სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის გაძლიერებაზე, სოფლის მეურნეობისა და ფერმერების განვითარებაზე, ტექნიკურ გადამზადებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ა.შ. ეს იყო მთავარი მამოძრავებელი, რითაც ძალიან სარგებლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობა.

როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, დანადგარებზე სხვადასხვა საწარმოში, ეს ყოველივე შეძენილია ევროკავშირის გრანტებით. როდესაც საუბარი არის ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების შეჩერებაზე, ეს ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით ჩამოთვლილი დღის წესრიგიც ჩერდება. ფინანსებთან ერთადაც ეს პერსპექტივა (განვითარების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების) და აქამდე გაწეული სამუშაო, ფაქტობრივად, შეჩერებულია“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

მერი ტაბატაძე