„ძალიან მიყვარს ევროპა, ვგიჟდები, ცხოვრებაც მომწონს იქ, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას“

„ძალიან მიყვარს ევროპა, ვგიჟდები, სამეგობრო მყავს, ცხოვრებაც მომწონს იქ, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას“, - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად საქართველოში არსებული სიტუაციისა, ევროპელები ბიზნეს ინტერესებით მაინც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში. ამის დასტურად კი, თემურ ტყემალაძე, გერმანელებთან შეხვედრას ასახელებს.

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი მაინც არის,მიუხედავად არსებული სიტუაციისა. ახლაც გერმანელები გვყავს სტუმრად. ჩემი აზრით, გერმანელები, ავსტრიელები თუ შემოვლენ და აქ ბიზნესს დაიწყებენ, იქნება ძალიან კარგი, იმიტომ, რომ მათ აქვთ სხვა კულტურა, შრომისმოყვარეები არიან და არა მომთაბარე ტომები, ზოგიერთებივით, რომ ჩამოვიდნენ და ვერ გაყრი აქედან. მე ფიქრობ, რადგან აქეთ მოიწვევენ, მაინც დადებითს ხედავენ ჩვენში მიუხედავად ამ არეულობისა.

ჩვენ ვართ ზღვარზე, ასე ბრმად არ შეიძლება შევყვეთ რაღაც პოლიტიკას. პოლიტიკას სულ სხვა ხედვები სჭირდება და ეს საქმე უნდა აკეთოს იმან, ვისაც ესმის. ჩვენ ვართ გზაჯვარედინზე და რამდენი ქვეყნის ინტერესებია, წარმოგიდგენიათ? ამათგან ყველაზე მეტი ინტერესი ვის აქვს?! რა თქმა უნდა, რუსეთ, თურქეთი, ირანი. 3 ქვეყანას. ასეთ ბუმბერაზ ქვეყნებს გაებუტო და ურთიერთობა არ დაალაგო, ჩემთვის წარმოუდგენელია. ამერიკა ვერ დაგილაგებს, ვერც ევროკავშირი. ძალიან მიყვარს ევროპა, ვგიჟდები, სამეგობრო მყავს, ცხოვრებაც მომწონს იქ, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ. აქ უნდა ვიშრომოთ დიდმა თუ პატარამ, სოფლები დაიცალა და სხვას ნუ დავაბრალებთ ამას. ისე უნდა დალაგდეს, რომ აქ ვიშრომოთ და ჩვენის ახლი აქ ავაშენოთ, თორემ, შენ ვის რად უნდიხარ „გაძვალტყავებული“?!

მე ვფიქრობ დროებით მოვლენებია ბევრი რამ, ყველაფერი დალაგდება. არ შევდივარ პოლიტიკის სიღრმეებში, აპოლიტიკური ვარ, ვგიჟდები ჩემ ქვეყანაზე, მოვიარე სამყარო და აქ ვცხოვრობ, აქ მინდა სიკვდილი. ჩემი შვილები უცხოეთში მიბმულები არიან, წარმატებულები არიან და აქ მინდა დაიხარჯონ თვისი ცოდნით და შრომით. ყველაფერი კარგად იქნება. შენ თუ არ წარმოადგენ არაფერს, არც არავის აინტერესებ, ამიტომ, შიგნით უნდა მოწესრიგდეს და ასევე, ყველასთან უნდა დალაგდეს, მეზობელთანაც. არავინ მოვა შენთან, არიქა, მოდი, ეს ხალხი გადავარჩინოთო. ყველას თავისი ინტერესი აქვს და საკუთარი ინტერესი უნდა დაიცვა ქვეყანამ“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.

შეგახსენებთ, რომ უკვე 23 დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.

ნინი ქეთელაური