მარტივი ენით, რას ნიშნავს „მაგნიტსკის აქტი“ – „აქტივების გაყინვა/ამოღება მსოფლიოს მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 20 წლამდე ვადით“

"უმაღლესი დონის და განსაკუთრებული სიმძიმის სანქციებია და წესდება მტრულად განწყობილი ქვეყნების მთავრობების, ტერორისტული ორგანიზაციების, ნარკო-კარტელების და აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ფიზიკური პირების მიმართ",- ასე განმარტავს საერთაშორისო ბიზნესისა და სამართლის საკითხებში ექსპერტი ზვიად სხვიტარიძე „მაგნიტსკის აქტს“

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც ასევე შემოიღო სანქციები ვახტანგ გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.

თუ რას ნიშნავს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, ზვიად სხვიტარიძე სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს, სადაც წერს, რომ სანქციებს ექვემდებარებიან არა მხოლოდ სანქცირებული პირები, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე სახით ხელს შეუწყობს სანქცირებულს სანქციებიდან თავის არიდებაში.

"მაქსიმალურად მარტივი ენით რა არის მაგნიცკის აქტი, OFAC-ი და რას ნიშნავს ამ აქტში მოხვედრა?!

გლობალური მაგნიტსკის აქტი - 2012 წელს აშშ-ს კონგრესის ორივე პარტიის აბსოლუტური მხარდაჭერით იქნა მიღებული. თავდაპირველი მიზანი რუსი მაღალჩინოსნების დასჯა იყო ცნობილი ადვოკატის მაგნიტსკის ციხეში წამებით სიკვდილის გამო, მოგვიანებით კი მისი მოქმედება ექსტრატერიტორიულობის პრინციპით გაფართოვდა უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნებზე, რომელთაც ბრალად ედებათ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და კორუფცია.

OFAC-ი (Office of Foreign Assets Controls) აშშ-ს საერთაშორისო აქტივების კონტროლის სააგენტო, სახელმწიფო ხაზინის ორგანო, რომელიც ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს აწესებს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე. სხვა სიტყვებით უმაღლესი დონის და განსაკუთრებული სიმძიმის სანქციებია და წესდება მტრულად განწყობილი ქვეყნების მთავრობების, ტერორისტული ორგანიზაციების, ნარკო-კარტელების და აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ფიზიკური პირების მიმართ. სანქციების აღსრულებაც ზედმიწევნით ეფექტიანად ხდება ამავე სააგენტოს ტერორიზმისა და ფინანსური უსაფრთხოების სააგენტოსთან ერთად. სანქციებს ექვემდებარებიან არა მხოლოდ სანქცირებული პირები, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე სახით ხელს შეუწყობს სანქცირებულის სანქციებიდან თავისარიდებაში. სანქციების სახით გამოყენება როგორც აქტივების გაყინვა ან/და ამოღება მსოფლიოს მასშტაბით, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 20 წლამდე ვადით, დამატებითი ინდივიდუალური ფინანსური ჯარიმით მილიონ აშშ დოლარამდე.

რას ნიშნავს მაგნიტსკის აქტში მოხვედრა?

ავტომატურად ნიშნავს არა მხოლოდ კონკრეტულ პირზე და მისი ოჯახის წევრებზე გაცემული აშშ-ს ვიზების გაუქმებას და ქვეყანაში არდაშვებას სახმელეთო საზღვრით ქვეყანაში შეღწევის ჩათვლით, არამედ OFAC-ის სანქციების ამოქმედებას, ანუ სანქცირებულის საბანკო ანგარიშები, ნებისმიერი სახის ფული, მოძრავი, თუ უძრავი ქონება, ნებისმიერი მატერიალური სახის აქტივი ექვემდებარება დაყადაღება/ჩამორთმევას. ყველა საბანკო, საფინანსო და აქტივების მართვის დაწესებულება ვალდებულია იხელმძღვანელოს და დაემორჩილოს OFAC-ის სანქციებს. ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც არ აღასრულებს ან რამენაირად ხელს შეუშლის სანქციების აღსრულებას ასევე პასუხისმგებელი ხდება ამ აქტით.

აშშ-ს გარდა გლობალური მაგნიტსკის აქტები მიიღო კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ და როგორც წესი, სარკისებური ასახვა ხდება აშშ-ს მაგნიტსკის აქტით დასანქცირებული პირების.

და კიდევ ერთი - მაგნიტსკის აქტიდან პირის ამოღება ფაქტიურად შეუძლებელია, მისი უფლება მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს აქვს და მხოლოდ მასთან შეთანხმებით",- წერს ზვიად სხვიტარიძე.

ნინი ქეთელაური