აშშ-ში ქართული პროდუქციის ექსპორტი 78%-ით გაიზარდა - რას ვყიდით

2024 წელს იანვარ-ნოემბერში, 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით ქართული პროდუქციის ექსპორტი 78%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში აშშ-ში საქართველოდან 127.269 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, წინა წლის იგივე პერიოდში 71.383 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება ქართული წარმოების კონკრეტულ პროდუქტებს, რომელიც წელს აშშ-შ ყველაზე დიდი რაოდენობით გაიგზავნა, ჩამონათვალში ლიდერია ფეროშენადნობები. კერძოდ, წელს იანვარ-ნოემბერში 90.119 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 74%-იანი ზრდაა. 2023 წელს 51.790 მლნ აშშ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა.

უფრო კონკრეტულად, bpn.ge გთავაზობთ იმ ადგილბრივი პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს იანვარ-ნოემბერში აშშ-ში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა:

  • ფეროშენადნობები - 90.119 მლნ აშშ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 7.362 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 6.783 მლნ აშშ დოლარი
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 4.276 მლნ აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 4.133 მლნ აშშ დოლარი
  • წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - 3.315 მლნ აშშ დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1.797 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 1.525 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1.111 მლნ აშშ დოლარი
  • ნაყოფი და კაკალი შაქრის დამატებით ან მის გარეშე - 910 ათასი აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური