აშშ-მა თურქეთს “გაზპრომბანკით” ტრანზაქციების უფლება მისცა

აშშ-მა თურქეთი რუსული “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ სანქციებისგან გაათავისუფლა, რაც ანკარას გაზის იმპორტის გადახდის საშუალებას აძლევს.

ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რასაც Bloomberg ავრცელებს.

მინისტრის თქმით, აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების სერიის შემდეგ ქვეყანას უფლება მიეცა, იმპორტირებული რუსული გაზის საფასური “გაზპრომბანკის” მეშვეობით გადაიხადოს.

აშშ-ის მიერ 21 ნოემბერს დასანქცირებული “გაზპრომბანკი” საკვანძო ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ქვეყნები ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად იყენებენ. სანქციების შედეგად გადახდები შეეზღუდა ყველას, ვინც რუსულ კრედიტორს ტრანზაქციებისთვის იყენებს.

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთის წილი მესამედზე მეტია. ამდენად, “გაზპრომბანკის” დასანქცირების შემდეგ ალფარსლან ბაირაქტარი აშშ-ისგან თურქეთისთვის გამონაკლისის დაშვებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყანა სანქციების ქვეშ მოექცეოდა. პარალელურად, ანკარაში გასულ თვეს ოფიციალური პირები რუსულ დელეგაციას შეხვდნენ და გადახდის ალტერნატიულ მეთოდებს განიხილავდნენ.

თავის მხრივ, პუტინმა უცხოელ შემსყიდველებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდა სხვა ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით დაუშვა, ვიდრე “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ სანქციები არ მოიხსნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ