დღეს საკითხი დგას იმაზე, თუ საით წავა ეს ქვეყანა. იქნება ევროატლანტიკური გაერთიანების ნაწილი, თუ დაბრუნდება საბჭოთა კავშირში“, - ამის შესახებ ბიზნესმენი, „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არის მდგომარეობა, როცა ბიზნესები სწავლობენ მთავრობისგან დამოუკიდებლობას და გამოხატავენ პროტესტს მის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ ქვეყანაში მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები არ იქნება, ეს ბიზნესს უქმნის სერიოზულ საფრთხეს, როდესაც არა უცხოურ, არამედ ქართულ ინვესტიციებზე საუბარიც გაძნელდება.
„თავისუფალი ბიზნესის მოთხოვნებს უკვე შეუერთდა 1800 კომპანია და 1000 ვერიფიკაციის პროცესშია. საუბარია 2800 თავისუფალ ბიზნესზე. 34 წლის განმავლობაში ბიზნესი ემსახურებოდა მთავრობას. მთავრობა კი არა, ეს არის ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია უნდა ემსახუროს ბიზნესს და დღეს ჩვენ ამას ვუყრით საფუძველს. ახლა, როცა ძალიან მყიფეა სახელმწიფო ინსტიტუციები, ფაქტობრივად, არც არის, ამით ძალიან დიდი საფრთხე ექმნება ბიზნესს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ კრიზისზე, კარზე გვაქვს მომდგარი ინსტიტუციების არარსებობა. პირველ რიგში, ბიზნესსა და ინვესტიციას სჭირდება წყნარი, სამართლიანი გარემო, რომელიც ქართველი ბიზნესმენისა და ინვესტორისთვის არ არის და უცხოელს გამოხედვა არ უნდა.
ნახეთ, რა ხდება ტურიზმის სფეროში. მოვისმინე „შატო მერეს“ ერთ-ერთი მეპატრონის განცხადება, რომ მასპინძლები დავრჩითო და ტურისტი აღარ გვყავსო. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ძალიან სწრაფად გავრცელდება ყველაფერზე, რასაც ხელს შეუწყობს ჩვენი მინისტრების დასანქცირება, რომლებიც გმირებად მოგვევლინებიან წლის ბოლოს, რაც პარადოქსია, რადგან თავისუფალი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაკავებული ახალგაზრდების გამოშვებაა.
კობახიძემ თქვა, რომ მათ უმრავლესობას 15-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და ახალ წლამდე ისედაც გამოვლენ და ცოტა დარჩება ციხეშიო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველა ადამიანი იბრძვის ქვეყნის მომავლისთვის და რაც მთავარია, დღეს საკითხი დგას იმაზე, თუ საით წავა ეს ქვეყანა. იქნება ევროატლანტიკური გაერთიანების ნაწილი, თუ დაბრუნდება საბჭოთა კავშირში“, - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.