იმპორტული სიმინდის 99%-ზე მეტი საქართველოში რუსეთიდან შემოდის

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში სიმინდის იმპორტი წლიურად მცირედით, 1.2%-ით შემცირდა. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველომ 12.6 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 51 795 ტონა სიმინდი იყიდა, წელს 11 თვეში კი 51 173 ტონა მარცვლეულში 10.7 მილიონზე მეტი გადაიხადა.

იმპორტთან ერთად შემცირებულია 1 კგ სიმინდის საშუალო საიმპორტო ფასი. გასულ წელს თუ ღირებულება გადასახადების გარეშე 24 ცენტს შეადგენდა, წელს ფასმა 21 ცენტამდე იკლო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმპორტული სიმინდის უდიდესი ნაწილი, 99.5%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის. მაგალითისთვის, წელს იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან 50 927 ტონა სიმინდი შემოვიდა (10.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების).

რუსეთს სიმინდის უმსხვილეს იმპორტიორთა შორის მოსდევს თურქეთი (73 ათასი დოლარის 95 ტონა სიმინდი) და ამერიკა (18 ათასი დოლარის 26 ტონა). დანარჩენი ქვეყნების წილი კი სიმინდის იმპორტში მინიმალური იყო.

მერი ტაბატაძე