„დამოკიდებული ვართ რუსეთის ბაზარზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა.
მანვე ისაუბრა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებისგან გამოწვეულ რისკებსა და იმ შესაძლო პრობლემებზე, რის წინაშეც შესაძლოა, საქართველოს სოფლის მეურნეობა აღმოჩნდეს.
„დამოკიდებული ვართ რუსეთის ბაზარზე, რომელიც ხარისხს ყურადღებას არ აქცევს. პლუს პრობლემები აქვს რუსეთის ეკონომიკა, არის ძალიან მაღალი ინფლაცია, ამიტომ ხვალ-ზეგ შეიძლება დადგეს იგივე, თუნდაც, ექსპორტზე გატანილი პროდუქციისთვის გადახდის პრობლემა, ფასების შემცირება და ა.შ. აღარაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ შესაძლოა, ერთ დღესაც რუსეთმა დააწესოს ემბარგო. ამ პირობებში კიდევ უფრო მოწყვლადია სოფლის მეურნეობა და მისი პერსპექტივა ევროინტეგრაციის შეჩერებით სავალალო მდგომარეობაში იქნებ ამომავალ პერიოდებში“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 24 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.