საქართველოს აკადემიური საზოგადოების ერთობლივი განცხადებას ავრცელებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.
„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოში დღეს არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც.
ჩვენ, საქართველოს აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე და, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, მოვითხოვთ ახალი, საყოველთაო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნასა და დაკავებულ დემონსტრანტთა გათავისუფლებას“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 24 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.