ირაკლი კობახიძე ბიზნესებს ხვდება - რაზე იმსჯელებენ

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორთან შეხვედრას მართავს. ბიზნესების ნაწილი კანცელარიაში უკვე მოვიდა, მათი ნაწილი კომენტარს არ აკეთებს, ნაწილი კი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბიზნესისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

ბიზნესების ნაწილი აღნიშნავს, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა ახალ არჩევნებშია.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 26 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას. პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამ დროისთვის 2200-ზე მეტი ბიზნესი Freebusiness.ge-ს პლატფორმაზე ერთიანდება. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

მერი ტაბატაძე