დედაქალაქისგან განსხვავებით, მთის კურორტებზე მოქმედ სასტუმროებში ტურისტების სიმცირეს არ უჩივიან. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გუდაურის სასტუმროებში განუცხადეს, წელს ისეთი ქვეყნებიდანაც კი ჩამოვიდნენ ტურისტები, საიდანაც აქამდე არ ყოფილან. ამასთან, გაზრდილია ქართველი დამსვენებლების რაოდენობაც.
შეგახსსნებთ, რომ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 26 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას, დაკავებულების გათავისუფლებას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას. პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც.
უწყვეტი პროტესტი გარკვეულწილად უკვე აისახა ტურისტების რაოდენობაზე, განსაკუთრებით კი დედაქალაქში. როგორც ბიზნესი ამბობს, შემცირებულია ჯავშნები, აღარ არიან ტურისტები და გაუქმებულია კორპორატიული ღონისძიებებიც.
დედაქალაქისგან განსხვავებით სხვა სიტუაციაა რეგიონებში, განსაკუთრებით სამთხო-სათხილამურიო კურორტებზე. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ გუდაურის სასტუმროებში განუცხადეს, ნომრები ფაქტობრივად, სრულად დაჯავშნილია.
„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გუდაურში ჯავშნების შემცირებასთან მიმართებით დიდი ცვლილებები არ ყოფილა. მეტიც, შარშანდელთან შედარებით უკეთესი სტატისტიკური მონაცემები გვაქვს. სამთო-სათხილამურო კურორტებზე მიმდინარე მოვლებენმა გავლენა არ იქონია“, - ამის შესახებ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ტურისტები ისეთი ქვეყნებიდანაც კი გამოჩნდენენ, საიდანაც ჯერ არ ჩამოსულან. „საინტერესოა ის ფაქტი, რომ წელს ისეთი ქვეყნებიდანაც კი ჩამოვიდნენ ტურისტები, საიდანაც აქამდე არ ყოფილან, მაგალითად, აფრიკის კონტინენტიდან მომრავლდენენ ვიზიტორები.
ჩამომსვლეთა რაოდენობით ლიდერობს აზია, არაბთა გაერთიანებული საამირო, გვყავს სტუმრები ისრაელიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, 20-21 ნოემბრის მონაცემებით რუსების ჯავშანი 30%-მდე შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით კი უმცირესობაში გადაინაცვლეს.“ - მაია მურაჩაშვილი
მურაჩაშვილმა ქართველ დამსვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშანდელი დეკემბრის მონაცემებით თუ ვიზიტორთა რაოდენობა 2%-ს შეადგენდა, წლევანდელი დეკემბრის მონაცემებით 5%-მდე გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გუდაურში მდებარე კიდევ ერთ სასტუმროს „გუდაური ჰილს რეზიდენსი“-ს დაუკავშირდა. როგორც სასტუმროს მენეჯერმა რეზო ბასილაიმა განაცხადა, „სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, ახლა უკვე სასტუმრო სავსეა. გვყავს უცხოელი სტუმრები, კონკრეტულად ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. წინა წელთან შედარებით ცვლილებები დიდი არ არის, ივენთებიც სტანდარტულად ტარდება და წინასწარი ჯავშნებით დატვირთულობა დაახლოებით, 50%-ია.“
რაც შეეხება ფასებს, წელს გუდაურში სასტუმროების ღირებულება შარშანდელთან შედარებით 10-45%-ით არის გაზრდილი.
ავტორი: მაგდა შენგელია