რაღაცნაირად დაგვარწმუნა პრემიერმა იმაში, რომ ეს არ ხდება ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ , - ამის შესახებ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელმა მინდია საბანაძემ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საბანაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენების შენიშვნები და გულისტკივილი მოისმინა, ჩაიწერა და კიდევ მიუბრუნდება ამ თემას.
“დღეს მოხდა აზრთა გაცვლა. ჩვენ ჩვენი აზრი ვუთხარით. მე ვარ ბიზნესის წარმომადგენელი, მე ჩემი საქმე ვიცი, რაც უნდა ვაკეთო. აქ იყო განსაზღვრული, რომ ბიზნესს აქვს რყევები და ეს რყევები რამდენად მალე მორჩება, იმაზე იყო საუბარი, ასევე ბიზნესის ხელშეუხებლობაზე იყო საუბარი. არ აქვს განსხვავება, რა აზრს აფიქსირებ, ანუ საწინააღმდეგოდ მსჯელობ თუ თანამოაზრე ხარ. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა და ამ მიმართულებით ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული იყო პასუხი.
12 წელიწადი თუ სხვა გზაზე არ გადაუხვევია ქვეყანას, პრემიერის აზრიც იყო ასეთი: თუ კი 12 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა მიმყავს ევროპისკენ, ყველაფერი, თუ კი რამე გვაქვს ევროინტეგრაციიდან დაწყებული ასოცირების ხელშეკრულებით დამთავრებული, როგორ მივდივარ რუსეთისკენო?
რაღაცნაირად დაგვარწმუნა პრემიერმა იმაში, რომ ეს არ ხდება ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ. მიიღო ყველა შენიშვნა, ყველა გულისტკივილი, გააანალიზა და ჩაიწერა, გვითხრა, რომ ამას კიდევ ერთხელ მოუბრუნდება არა მარტო თანამოაზრეებთან ერთად, რადიკალურად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან ერთადაც”, - განაცხადა საბანაძემ.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 26 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამ დროისთვის 2200-ზე მეტი ბიზნესი Freebusiness.ge-ს პლატფორმაზე ერთიანდება. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.