კომპანიებს, რომლებმაც გააუქმეს ღონისძიებები, ეშინოდა საზოგადოების კრიტიკის - ნინო იოსელიანი

კომპანიების დიდ ნაწილს, რომლებმაც გააუქმეს ღონისძიებები, ეშინოდა საზოგადოების კრიტიკის - რეალური მიზეზი სწორედ ეს იყო“ - როგორც „იდუმალი ბაღების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნინო იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ისაუბრა, ბიზნესის გაჩერება, რომლითაც ხალხი იზარალებს, სწორი არ არის.

„კომპანიების დიდ ნაწილს, რომლებმაც გააუქმეს ღონისძიებები, ეშინოდა საზოგადოების კრიტიკის და მათი გადაწყვეტილების რეალური მიზეზი სწორედ ეს იყო. სინამდვილეში, გაჩერდები თუ არ გაჩერდები, მაინც შენ და შენი ბიზნესი ზარალდება. ბიზნესის გაჩერება, ხალხის უმუშევრად დატოვება და ა.შ არ არის ნორმალური, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, რადგან ამის უკან ბევრი ადამიანი დგას. პირველ რიგში ეს ქვეყნის იმიჯზე აისახება ნეგატიურად“, - განაცხადა ნინო იოსელიანმა.

მისი თქმით, გაუქმებული ღონისძიებები ნეგატიურად აისახება ბიზნესზე, თუმცა ეს არსებული ვითარების შედეგია.

„დეკემბერში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა და ეს ქვეყანაში არსებული ვითარების შედეგია. ეს ყველაფერი ცუდად აისახება, ბუნებრივია, ბიზნესზე, მაგრამ ქართველები შეჩვეულები ვართ კრიზისულ სიტუაციაში ყოფნას და ისტორიას რომ გადავხედოთ, საქართველოში ასეთი არეულობები პერიოდულად სულ არის“, - განაცხადა იოსელიანმა.

როგორც გადაცემის მეორე სტუმარმა, სააგენტო „ქოლგას“ დამფუძნებელმა ანა ჩანგიანმა განაცხადა, ვითარება რთულია და ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს.

„ვითარება რომ რთულია, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. მე, როგორც მარკეტოლოგმა რომ შევაჯამო, ყველა დამეთანხმება, რომ წლის ბოლო ყველა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ხდება მიმდინარე წლის შეჯამება და მომავალი წლის დაგეგმვა. ანუ, გამოდის, რომ ეს პროცესი მარკეტინგულად დღეს არის ჩამოშლილი და კომპანიებმა ვერ გადაწყვიტეს, ჩაატარონ თუ არა შიდა კორპორატიული ღონისძიებები, არის გაურკვევლობა და ქაოსი. შეჩერებულია ყველა მიმდინარე პროექტი და აღარ იგეგმება ახალი. საბოლოოდ, ეს საკმაოდ ცუდ შედეგს მოიტანს და ამის შესახებ ყველამ ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა ჩანგიანმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 27 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამ დროისთვის 2200-ზე მეტი ბიზნესი Freebusiness.ge-ს პლატფორმაზე ერთიანდება. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გაუქმდა არაერთი ღონისძიება.

ეკა დარჩიაშვილი