თბილისში 2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია მოძრავი ორკესტრის მსვლელობა, ელექტრონული ლაივ შოუები, ასევე, სხვადასხვა ჯგუფის, ანსამბლისა და ბენდების კონცერტები. მერიამ ხელშეკრულება შპს „ქეი ივენთთან“ გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ჩამოთვლილი მომსახურებები ჯამში 875 112 ლარი დაჯდება. შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდა.
მომსახურების მიწოდების ვადებად მითითებულია 21 დეკემბერი - 7 იანვრის პერიოდი. ღონისძიებები დედაენის ბაღსა და ორბელიანების მოედანზე გაიმართება. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „თბილისის მერია იტოვებს უფლებას ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, მიმწოდებელთან შეთანხმება შეცვალოს ან დააზუსტოს მომსახურების მიწოდების თარიღი, დრო და ადგილი“.
მოძრავი ორკესტრის მსვლელობა (დღეში 2-ჯერ, 15 მუსიკოსი) სულ 48 450 ლარი დაჯდება, მათთვის კი ლოკაციის მენეჯერის ჰონორარი 17 დღის განმავლობაში 5 900 ლარით განისაზღვრა. ელექტრონული ლაივ-შოუების ფარგლებში კი დიეჯეების ჰონორარი 30 600 ლარი იქნება, ლოკაციის მენეჯერს კი 18 დღის მომსახურებაში 5000 ლარს გადაუხდიან.
გამოდის რომ, გადასახადების გარეშე 38 ბენდს, ჯგუფსა და ანსამბლს ჯამში 551 010 ლარს გადაუხდიან.
როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ჯამში „ქეი ივენთის“ მომსახურება გადასახადების ჩათვლით ბიუჯეტიდან 875 112 ლარი დაიხარჯება.
ხელშეკრულების პირობებიდან ირკვევა, რომ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მიმწოდებლის მიერ კონტრაქტის პირობების ცვლილება დარღვევად არ ჩაითვლება. ფორს-მაჟორულ სიტუაცია კი დაზუსტებულია როგორც სტიქიური უბედურებები, ასევე გაფიცვა, სამოქალაქო მღელვარება, აჯანყება, ომი, ბლოკირება, საბოტაჟი, საწარმოო არეულობა და ა.შ.
„ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციას“, - აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
ხელშეკრულების პირობები არ გამორიცხავს იმას, რომ ჩამოთვლილი მუსიკალური ჯგუფებიდან რომელიმე შეიცვალოს. მაგალითად, ხელშეკრულებაში მითითებულმა ჯგუფებმა „გაგა ფრანი“ და „სინთეზი“ უკვე თქვეს უარი საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე.
შენიშვნა: მონაცემები განახლდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა რომელიმე ჯგუფი უარს იტყვის კონცერტში მონაწილეობაზე.