ნორვეგიულმა კომპანიებმა წლის ბოლომდე დირექტორთა საბჭოებში გენდერული სხვაობის შემცირება უნდა მოასწრონ

ნორვეგიის უმსხვილეს კომპანიებს, გასულ წელს მიღებული კანონის თანახმად, ვადა 31 დეკემბრამდე დარჩათ, რომ დირექტორთა საბჭოებში გენდერული ბალანსი ერთი სქესის სასარგებლოდ 60%-მდე შეამცირონ. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ დირექტორთა საბჭოებში 40% ქალი უნდა იყოს.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კანონის შესასრულებლად, დაახლოებით, 8,000-მა კომპანიამ ახალ წლამდე დარჩენილ კვირაში დირექტორთა საბჭოში 5,000 ქალი უნდა დაასაქმოს.

კომპანიის მენეჯმენტში გენდერული ბალანსის შესახებ კანონი ქვეყანაში ეტაპობრივად ინერგება. წელს ის მხოლოდ უმსხვილეს კომპანიებს ეხება, რომელთა შემოსავალიც 100 მლნ კრონს (8,8 მლნ დოლარს) აღემატება. 2028 წლისთვის კანონი, დაახლოებით, 20,000 კომპანიაზე გავრცელდება. ამ ვადისთვის, მთავრობის გათვლით, კიდევ 8,000 ქალის დასაქმება გახდება საჭირო.

კანონის შეუსრულებლობის შედეგები შესაძლოა, მძიმე იყოს და, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებით კომპანიების დახურვაც გამოიწვიოს.

ამჟამად ნორვეგიული კომპანიების დირექტორთა საბჭოებში ქალები მხოლოდ 20%-ს შეადგენენ.

კომპანიების უმეტესობა თავიანთ საბჭოებში ქალებს საკმაოდ იშვიათად ასაქმებდა და აქტიური რეკრუტირების პროცესი მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კვალიფიკაციის მქონე კომპეტენტური ქალი-კანდიდატების რაოდენობა მეტად ცოტაა და კანონის დასაცავად კომპანიები იძულებული არიან, ისინი პერსონალის მიღების ტრადიციული წესების გარეშე დაიქირაონ.

ზოგიერთმა კომპანიამ სამსახურში დასაქმების ნაცვლად ალტერნატიული ვარიანტი აირჩია და დირექტორთა საბჭოში მამაკაცების რაოდენობას ამცირებს, რომ გენდერული ბალანსი კანონით მოთხოვნილ დონემდე გაათანაბროს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ