ბათუმის McDonald's-ი მსოფლიოში ქსელის ულამაზეს რესტორნებს შორის მეხუთე ადგილზეა - top-15

ბრიტანულმა The Sun-მა მსოფლიოში McDonald's-ის 15 ულამაზეს რესტორანს შორის ბათუმის McDonald's-იც დაასახელა.

გამოცემის შეფასებით, ბათუმის McDonald's შავი ზღვის სანაპიროზე ქსელის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დაწესებულებაა.

“მას აქვს დახვეწილი, თანამედროვე სტრუქტურა მოხრილი მინის კედლებით და მისი თანამედროვე დიზაინი მიმდებარე ბუნებრივ ლანდშაფტთან არის კონტრასტში,” - წერს The Sun .

ამასთან, გამოცემა იხსენებს, რომ “2014 წელს ამ მრავალწახნაგოვანმა სტრუქტურამ არქიტექტურის ვებგერდ ArchDaily-სგან “საუკეთესო კომერციული შენობის” ჯილდო მიიღო.”

ბათუმის გარდა, მსოფლიოს ულამაზესი McDonald's-ებია:

  • ბრეის (ირლანდია)
  • ბუდაპეშტის (უნგრეთი)
  • პორტუს (პორტუგალია)
  • მადრიდის (ესპანეთი)
  • ხანჩჟოუს (ჩინეთი)
  • კრისტიანსანის (ნორვეგია)
  • სიდნეის (ავსტრალია)
  • პარიზის (საფრანგეთი)
  • ბარსელონას (ესპანეთი)
  • ბელემის (პორტუგალია)
  • როტერდამია (ნიდერლანდები)
  • როსველის (ახალი მექსიკა)
  • მელბურნის (ავსტრალია)
  • დაუნიის (კალიფორნია)

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 15 ულამაზესი McDonald's-ის სიაში ბათუმის რესტორანი რიგის მიხედვით მეხუთეა და ბრეის, ბუდაპეშტის, პორტუს და მადრიდის McDonald's-ებს მოსდევს.

ცნობისთვის: ბათუმის McDonald's-ის შენობის არქიტექტურა შუშის 460 პანელით არის დაფარული, ხოლო მთელი შენობის გარშემო აუზია, რომლის სარკისებრი ზედაპირი შენობის ფასადის ფორმებს ირეკლავს. ფასადის ნაწილი მთლიანად ფარავს ბენზინგასამართ სადგურს, რომელიც ისე მუშაობს, რომ McDonald's-ის სტუმრებს საერთოდ არ აწუხებს. შენობის დიზაინერი გიორგი ხმალაძეა, რომელსაც განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული და რამდენიმე საერთაშორისო კონკურსი აქვს მოგებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ